ირაკლი ღარიბაშვილი: დაცვის პოლიციის თანამშრომლები სამსახურში დაბრუნდებიან

ირაკლი ღარიბაშვილი: დაცვის პოლიციის თანამშრომლები სამსახურში დაბრუნდებიან

დაცვის პოლიციის თანამშრომლები პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ შს მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ.

მათ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.

თავის მხრივ, ღარიბაშვილი პოლიციელებს დაპირდა, რომ პრობლემების შექმნის შემთხვევაში, ისევ შეხდებოდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ღარიბაშვილმა განაცხადა, მან მოუწოდა პოლიციელებს, მშვიდად დაბრუნდნენ სამუშაო ადგილებს თავად კი, სიტუაციაში გასარკვევად შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილეს შოთა ხიზანიშვილს დაუკავშირდება.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საკითხში გარკვევას შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ეკა ზღულაძესთან შეხვედრის დროსაც შეეცდება.

ის მოქმედ მთავრობას მოუწოდებს, რომ ხელისუფლების ოფიციალურ გადაბარებამდე რადიკალური ნაბიჯებისგან თავი შეიკავონ.

„თუ ასეთი ნაბიჯის გადადგმა იქნება გარდაუვალი,  ჩვენი გუნდის თხოვნაა, რომ იქნებ შედგეს წინასწარი კონსულტაციები მომავალი მთავრობის წევრებთან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, ღარიბაშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ დაცვის პოლიციის რომელიმე თანამშრომელი მაინც იქნება გათავისუფლებული სამსახურიდან, მინისტრად დამტკიცების შემდეგ, აუცილებლად დააბრუნებს უწყებაში.

„ეს არის ჩემი ძალიან პრინციპული პოზიცია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.