დავით ბაქრაძე: ქვეყანას ეყოლება ახალი მთავრობა ყველა შესაბამისი უფლებამოსილებით

დავით ბაქრაძე: ქვეყანას ეყოლება ახალი მთავრობა ყველა შესაბამისი უფლებამოსილებით

მოქმედი ხელისუფლებისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მეორე სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მთავრობის გადაბარების პროცესების ფარგლებში ყველაფერი კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში იქნება.

ბაქრაძის თქმით, ქვეყანას ახალი საპარლამენტო უმრავლესობა და ახალი მთავრობა ყველა შესაბამისი ფუნქციით ეყოლება. მისივე განმარტებით,  ქვეყანაში დარჩება ის ინსტიტუტები, რომლებიც მოქმედებს და რომლებზეც საპარალმეტო არჩევნებს უშუალო გავლენა არ ჰქონია.

„ყველაფერი იქნება კონსტიტუციის ფარგლებში და ყველა ის უფლება, რომელიც აქვს მთავრობას, დელეგიტირებული იქნება ახალ მთავრობაში. მთავრობა სრულიად განახორციელებს უფლებამოსილებას, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ამავე კონსტიტუციით, ახალი საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის გარდა ქვეყანაში სხვა მოქმედი ინსტიტუტებიცაა და ამ პროცესის მთავარი არსი თუ შინაარსი ისაა, რომ შევქმნათ პრეცედენტი, როდესაც ამ ქვეყანაში ყველა ინსტიტუტი ერთობლივად მუშაობდეს. ეს კი იმისთვის უნდა მოხდეს, რომ ქვეყანაში სტაბილურობა და სიმშვიდე იყოს და ქვეყანა ვითარდებოდეს“, - განაცხადა ბაქრაძემ.