"მთავრობის ახალ გუნდსა და "ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან ბევრ საკითხზე კარდინალურად განსხვავებული შეხედულებები აქვს", - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა.
როგორც გაბაშვილი აცხადებს, იქნება საკითხები, რაზეც თანამშრომლობა მოხდება, მაგრამ აცხადებს, რომ მათ ფუნქციებში მწვავე ოპონირებაც შევა. გაბაშვილის განმარტებით, ნორმალურია, რომ მთავრობა ფუნქციონირებდეს და ოპოზიცია აკონტროლებდეს.
„ზოგადად ამ გუნდზე, იმ ღირებულებებსა და პოლიტიკაზე, რაც მათ წინასწარ აქვთ დაანონსებული, ჩვენი წარმოდგენა იცით. ჩვენ ძალიან ბევრ საკითხზე კარდინალურად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. ეს წინააღმდეგობები პოლიტიკურ და ცივილიზებულ ფარგლებში გაგრძელდება. პერსონებზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან ჩვენ არ გვინდა, იმ სტილით მუშაობა, როდესაც ყველა გადაწყვეტილებას წინასწარ აკრიტიკებ", - განაცხადა გაბაშვილმა და აღნიშნა, რომ ექსპერტები, ჟურნალისტები და საზოგადოება დასკვნებს თავად გამოიტანს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა.