პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლების შეცვლასთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლების შეცვლასთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს

"სხვადასხვა მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია საარჩევნო კომისიებში ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების შეცვლის შესახებ, რომლის თანახმად ეჭვქვეშ დგება ცეკოს მოქმედების კანონიერება.

საარჩევნო ადმინისტრაცია განმარტავს - საარჩევნო კოდექის 42.6 მუხლით დადგენილია, რომ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს, გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. აღნიშნული ნორმით საარჩევნო სუბიექტს ეკრძალება წარმომადგენლის გამოწვევა ან შეცვლა მხოლოდ კენჭისყრის დღეს. ეს შეზღუდვა აღარ ვრცელდება კენჭისყრის დასრულების შემდეგ, მით უმეტეს რომ საარჩევნო კოდექსის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე მონაწილეობა მიიღოს ყველა სხვა სახის არჩევნებში და თავისი შეხედულების შესაბამისად დანიშნოს და შეცვალოს წარმომადგენლები როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში.

სამწუხაროა, რომ აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაკეთდა ცალმხრივი და არაკვალიფიციური კომენტარი. მათ მიერ ინტერპრეტირებული შეზღუდვა შეუძლებელს ხდის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლის შეცვლას ან დანიშვნას მომავალ არჩევნებამდე პერიოდში.

ზემოაღნიშნული საკითხის გააქტიურება გამოიწვია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბლოკ ”ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების” წარმომადგენლის მიერ სასამართლოში ცესკოს წინააღმდეგ საჩივრის შეტანამ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის შეცვლის გამო, თუმცა იმავე დღეს იმავე საარჩევნო სუბიექტის ცენტრალური შტაბის უფროსმა მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლის შეცვლის თაობაზე.

საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს, განსაკუთრებით მედიას, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო არხები ღია და ყველასათვის ხელმისაწვდომია,” – ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.