პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისა და ექსპერტების შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრას რამაზ საყვარელიძე, გიორგი მარგველაშვილი და გია ხუხაშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, პოლიტოლოგმა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის დეტალებზე მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
მარგველაშვილის განცხადებით, ეს ბიძინა ივანიშვილთან მისი პირადი შეხვედრა იყო და აღნიშნა, რომ აქვს უფლება ახლობელთან სადილზე, თუ რაზე ისაუბრა, არ განაცხადოს.
„ეს იყო პირადი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც აქამდეც ძალიან ბევრჯერ მქონია. აქედან გამომდინარე, პირადი შეხვედრის შესახებ, კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს შეხვედრა, რაღაც პარტიის, ან სხვა ფორმატში, რომ ყოფილიყო კი, მაგრამ მე არც დეპუტატი ვარ და არც რომელიმე პარტიის წარმომადგენელი. მე ბიძინას ნაცნობი და ახლობელი ვარ. შესაბამისად, მაქვს უფლება, ჩემს ახლობელთან შეხვედრის თაობაზე, სადაც ვისადილე არ ვისაუბრო იმაზე, თუ რაზეც ვილაპარაკე. ჩემთვის ეს პირადი შეხვედრა იყო“, - განაცხადა მარგველაშვილმა.