გია ხუხაშვილი: ივანიშვილთან შეხვედრაზე, ხელისუფლების სტრუქტურულ გადანაწილებაზე, პიროვნებებზე და ზოგადად, სახელისუფლებო მოზაიკაზე ვისაუბრეთ

გია ხუხაშვილი: ივანიშვილთან შეხვედრაზე, ხელისუფლების სტრუქტურულ გადანაწილებაზე, პიროვნებებზე და ზოგადად, სახელისუფლებო მოზაიკაზე ვისაუბრეთ

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისა და ექსპერტების შეხვედრა დასრულდა.

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ბიზნესცენტრში კოალიციის ლიდერთან შეხვედრაზე  ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით, კონკრეტულ პიროვნებებზე, ხელისუფლების სტრუქტურის გადანაწილებასა და ზოგადად,  სახელისუფლებო  მოზაიკაზე ისაუბრეს.

„ეს არაფორმალური შეხვედრა იყო.  ჩვენ,  რა თქმა უნდა,  ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე, მათ შორის,  ზოგად ხედვებზე, ხელისუფლების სტრუქტურულ გადანაწილებაზე, პიროვნებებზე და რა თქმა უნდა,  თუ როგორი უნდა იყოს სახელისუფლებო მოზაიკა.  არ გაგიკვირდებათ,  რომ მე ვერანაირ გვარებს ვერ დაგისახელებთ,  იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჯერ ერთი,  კონსულტაციები ჯერ კიდევ გრძელდება და გარდა ამისა, გვარების დასახელების  ექსკლუზიური უფლება კოალიციის ლიდერს ეკუთვნის.  აქედან გამომდინარე,  რა თქმა უნდა, ვმსჯელობდით,  ვიხილავდით მათ შორის,  შესაძლო კანდიდატებს და  შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ასეთი შეხვედრა შედგა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილის თქმით, თვითონ ხელისუფლებაში არანაირ თანამდებობაზე არ დაინიშნება და აღნიშნავს, რომ საკუთარ საქმიანობას გააგრძელებს.

„ერთი წლის წინ, როდესაც ამ პროცესში  შევდიოდი, ვთქვი,  რომ მე ამ პროცესში დროებით შევდივარ და როგორც კი,  პროცესი დასრულდება,  საზოგადოებაში ვბრუნდებითქო. მე  სიტყვის გატეხა არ მჩვევია და რაც თავიდანვე ვთქვი, იმ სიტყვას ვასრულებ. პროცესი დღეის მდგომარეობით,  დასრულებულია.  ვუბრუნდებით ჩემს საყვარელ საქმიანობას. ერთის, მხრივ, პოლიტიკური მოღვაწეობის ამბიცია არ მაქვს და მეორე მხრივ, არ მივიჩნევ, რომ ეს მაინცდამაინც ჩემი საქმეა. ვფიქრობ,  დღეს ჩემი ძალისხმევა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექმნისკენ უნდა იყოს მიმართული, რომელიც ხელისუფლების კონტროლს შეძლებს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, იდეალური ხელისუფლება არ არსებობს,   ყველა ხელისუფლებას რაც არ უნდა კარგი გვეჩვენებოდეს, გარკვეული ტენდენციები და მიდრეკილებები აქვს.

„ამის პრევენციას კი,  მხოლოდ  ძლიერი საზოგადოება ახერხებს. დღეს,  ჩვენს წინაშე,  ეს ამოცანა დგას“, - განაცხადა ხუხაშვილმა.