ნინო ანანიაშვილი: ყველაზე მეტად ვნერვიულობ იმაზე, რომ ის სტრუქტურები, რის შექმნასაც ჩვენ რვა წელი მოვანდომეთ, არ დაინგრეს

ნინო ანანიაშვილი: ყველაზე მეტად ვნერვიულობ იმაზე, რომ ის სტრუქტურები, რის შექმნასაც ჩვენ რვა წელი მოვანდომეთ, არ დაინგრეს

ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილის ბავშვის ნათლიამ  ნინო ანანიაშვილმა საქარველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ინტერვიუ „იზვესტიას“ მისცა.  From.ge ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს გთავაზობთ.

თქვენ ყოველთვის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უჭერდით მხარს. როგორ იღებთ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედგებს, რომელშც პრეზიდენტმა და მისმა პარტიამ არჩევნები წააგო?

-მე ამ თემაზე აქამდე არავისთვის მიმიცია ინტერვიუ, იმიტომ რომ მე არ ვარ პოლიტიკოსი და არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ. ის, რაც საქართველოში მოხდა -ეს პოსტსაბჭოთა სივრცეში ხალხის პატიოსანი არჩევანის პრეცედენტია. არცერთი ხმა არ იქნა მოპარული. დასავლეთშიც კი არ ხდება ასე. სწორედ ეს არის დემოკრატია, ეს ჩვენი ხალხის გამარჯვებაა.

ჩვენ ყველა ერთი სახელმწიფოს შვილები ვართ. ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს ოპონირება გავუწიოთ, ვიკამათოთ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთის მტრები არ ვართ.  მე არ ვცეკვავ ერთი ადამიანისთვის, მე არ ვეკუთვნი ერთ რომელიმე ადამიანს, მე სახელმწიფოს ვეკუთვნი. ყველაზე მეტად ვნერვიულობ იმაზე, რომ ის სტრუქტურები, რის შექმნასაც ჩვენ რვა წელი მოვანდომეთ, არ დაინგრეს. რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ყველაფერი ის, რაც წინამორბედმა ხელისუფლებამ შექმნა.

ოპოზიციონერმა ბიძინა ივანიშვილმა ვერაფრით ვერ  შეძლო საქართველოს მოქალაქეობის მიღება. შეგვიძლიათ მოგვიყვეთ, როგორ შეძელით თქვენ ეს 2004 წელს?

-მე ამ პროცედურებში ვერ ვერკვევი. საქართველოს მოქალაქეობა მე ჩვენმა პრეზიდენტმა მომანიჭა გამონაკლისის სახით, როდესაც თანხმობა განვაცხადე მეხელმძღვანელა ოპერისა და ბალეტის თეატრისთვის, მე კი მხოლოდ რუსული პასპორტი მქონდა. არ ვიცი, შეიძლება მეც რომ მეყარა კენჭი პრეზიდენტად, არც მე მქონოდა უფლება ორი სახელმწიფოს მოქალაქე ვყოფილიყავი.

დღეს რუსეთში ყველა იმედოვნებს, რომ ჩვენი ურთიერთობები დათბება და ის, რომ რუსეთის სანიტრები ბოლოსდაბოლოს მოხსნიან აკრძალვას ქართულ ღვინის იმპორტზე.

-მე ძალიან გახარებული ვიქნები, რომ თქვენ შეგეძლებათ ქართული ღვინის გასინჯვა. მაგრამ ჩვენი თბილი ურთიერთობები ღვინოში არ გამოიხატება. პირველ რიგში რუსმა ხალხმა უნდა გაიგოს, სად არის სიმართლე და სად ტყუილი. სიმართლეა ის, რომ ჩვენი ქვეყნის ერთი მესამედი ოკუპირებულია. თუ ოკუპაცია არ იქნება, მაშინ არა მარტო ღვინო, ჩვენ ყველა რუსეთისკენ გამოვემართებით. რუსებთან კი ჩვენ მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს. მგონია, რომ ისე ვერავინ უგებს ერთმანეთს, როგორც რუსები და ქართველები.

რას ფიქრობთ აფხაზებსა და ოსებზე, რომლებსაც რუსეთი იცავდა? აღიარებთ, რომ ამ ხალხს საქართველოში ცხოვრება არ უნდა? 

-ეს ძალიან რთული თემაა. თუ მათ საქართველოში არ სურთ ცხოვრება, მაშინ ისინი საქართველოდან უნდა წავიდნენ. თუ თქვენ იცხოვრებთ მოსკოვში „ბალშაია გრუზინსკაიაზე“ და განაცხადებთ-მე არ მინდა რუსეთში ცხოვრება, დაე, აქ იყოს საქართველო-რუსეთი ამის ნებას დაგრთავთ? ჩვენ ყოველთვის ამ ხალხთან ერთად ვცხოვრობდით და არანაირი პრობლემაც არ გვქონია. ყველაფერი სპეციალურად იყო გაკეთებული. სამწუხაროდ, პოლიტიკა ასეთი გახლდათ.

მიხეილ სააკაშვილი თქვენს ყველა პრემიერას ესწრებოდა. ისევ მიიწვევთ მას?

-რატომაც არა? თუ ადამიანს უყვარს თეატრი, ის გააგრძელებს კიდეც მის სიყვარულს. როდესაც მე სცენაზე გამოვდივარ, მე არ ვუყურებ, დარბაზში ვინ ზის ან რომელი პარტიის წარმომადგენელია. მოსკოვში მე ბრეჟნევისთვის, გორბაჩოვისთვის, ჟირინოვსკისთვის ვცეკვავდი. მე მეუბნებოდნენ „საჭიროა“ და მე გამოვდიოდი და ვცეკვავდი. ჩვენ ქვეყნის  დავალებას ვასრულებდით. ჩვენ სამხედრო ადამიანები ვართ. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის მაყურებელი? მაყურებელი ყოველთვის კარგია.