თამაზ თამაზაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ

თამაზ თამაზაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ

კახეთის პოლიციის ყოფილ უფროსს თამაზ თამაზაშვილს, რომელსაც 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული, რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს, თუმცა ამას თამაზაშვილის ოჯახის წევრებიც ადასტურებენ.

თამაზ თამაზაშვილს, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების" ბიძინა ივანიშვილის პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი და კოალიციიდან დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის ალექსანდრე თამაზაშვილის მამაა, თბილისის საქალაქო სასამართლომ სასჯელის სახით 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიმდინარე წლის აპრილში მიუსაჯა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის I და II ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა შენახვას და ტარებას გულისხმობს.

ივანიშვილმა არჩევნების მეორე დღეს, 2 ოქტომბერს, ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, რომ „ქართული ოცნების" მხარდამჭერები, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი, რომელიც პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული, კანონიერი გზით გაათავისუფლოს. კოალიციის რამდენიმე აქტივისტი უკვე გააათავისუფლეს.

თამაზ თამაზაშვილი სამართალდამცავებმა 2011 წლის 11 ოქტომრებს დააკავეს.