პაატა შეშელიძე: ივანიშვილისა და ბიზნესმენების შეხვედრაზე  საუბარი, თუ რა უნდა გაკეთდეს დაღვინების პროცესშია

პაატა შეშელიძე: ივანიშვილისა და ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბარი, თუ რა უნდა გაკეთდეს დაღვინების პროცესშია

ეკონომიკური საკითხების ექსპერტმა, პაატა შეშელიძემ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესმენებთან გამართული შეხვედრის შეფასებისას ორი საკითხი გამოყო.

შეშელიძის განცხადებით, ივანიშვილის განცხადება, რომ   ბიზნესი სახელმწიფოსგან დისტანცირებული უნდა იყოს, ძალზე პოზიტიურია, თუმცა რაც შეეხება მეორე საკითხს, ისეთი ტიპის პრობლემების მოგვარებას, როგორიცაა ფასების გაიაფება და აშ. ეს  საკამათოა.

„ივანიშვილის მოწოდება, რომ ბიზნესმენებმა „არ იმეგობრონ“ სახელმწიფოსთან  ჩემი აზრით,  პოზიტიური იყო. ჩვენ  აქამდე ხშირად გვსმენია, რომ ბიზნესმენები, მეწარმეები მთავრობისგან  დიდ  წნეხს განიცდიდნენ.  შესაბამისად,  მთავრობისა და ბიზნესის გაყოფა ძალიან კარგი იდეაა და  თუ ეს  შესრულდება, ვფიქრობ,   ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

 რაც შეეხება მეორე საკითხს, როცა საუბარია იმაზე,  თუ როგორ უნდა გადაწყდეს ისეთი ტიპის პრობლემები,  როგორიცაა ფასების გაიაფება და აშ. ეს საკამათოა.  აქ თითქოს საუბარი  ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის და შრომითი კანონმდებლობის გადახედვაზე იყო, რაც ჩემი აზრით,  მთლად ნათელი არაა,  თუ რას გულისხმობდნენ.  არ მინდა ისინი უკან იმ თვალსაზრისით წავიდნენ, რომ  ამ სექტორების რეგულირება დაიწყონ. აქაც ბაზარია საჭირო და თუ სინამდვილეში  ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით პრობლემები იყო,  ეს მთავრობის მიერ არაფორმალურად დადგენილი წინააღმდეგობები ან სხვა ფორმალური რეგულირებები იყო  და არა ის,  რომ რაღაც ინსტიტუტი არ არსებობდა. სწორედ,  პირველ წინადადებას ეწინააღმდეგება მეორე.  ამიტომ ვფიქრობ, რომ  ჯერ-ჯერობით ის,  თუ რეალურად რა უნდა გაკეთდეს, დაღვინების პროცესშია“, - განაცხადა შეშელიძემ.