შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის სალომე მახარაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში არსებულ კრიმინალურ შემთხვევებზე სამინისტრო ინფორმაციას ფლობს და თითოეულ შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია.
როგორც from.ge - სთან საუბარში მახარაძე აცხადებს, ამასთან დაკავშირებით, ანალიზის გაკეთება მის კომპეტენციაში არ შედის და აღნიშნავს, რომ არ იცის მომხდარი ფაქტები დამთხვევაა, თუ რაიმე კონკრეტულმა განაპირობა.
„აღნიშნულის შესახებ, ანალიზის გაკეთება ჩემს კომპეტენციაში არ შედის. არ ვიცი ეს დამთხვევაა, თუ რაიმე კონკრეტულმა განაპირობა. რაც შეეხება, კონკრეტულად შემთხვევებს, ეს ჩვენთვის ცნობილია შემიძლია დაგიდასტუროთ. გეტყვით, რომ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი საქმეა აღძრული და შესაბამისად, გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა მახარაძემ.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში კრიმინალურმა შემთხვევებმა მოიმატა. გუშინ თავს დაესხნენ „პროკრედიტ ბანკის“ და „საქართველოს ბანკის“ ფილიალს, ძარცვა მოხდა გორში ელექტროტექნიკის მაღაზიაში. ვრცელდება ინფორმაცია ასევე, რომ სხვადასხვა მიკროავტობუსში მსხდომ ორ მოქალაქეს საფულეები ამოაცალეს.