კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ის ძალიან კმაყოფილია მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რომ ის „ქართული ოცნების“ იდეოლოგიას არ ეთანხმება.
„ყველაზე უფრო მომეწონა ის განცხადება, რომ პრეზიდენტი არ ეთანხმება ჩვენს იდეოლოგიას. პრინციპში, ეს სიმართლეა- ჩვენს სწორედ იდეოლოგიურად ვერ ვეწყობით ერთმანეთს. ის, რომ ის ჩვენ არ გვეთახნმებოდა, მის ყველა ქმედებას ემჩნეოდა და კარგია, რომ მან ეს აღიარა.
დიახ, ჩვენ გვსურს რეალური და არა ფასადური დემოკრატია და ბუნებრივია, რომ ჩვენი ქმედებები მისი ხელისუფლებისგან განსხვავებული იქნება“,-განუცხადა ივანიშვილმა Forbes-ს შეკითხვაზე.
ივანიშვილის განცხადებით, ორ წელიწადში ბევრი რამის შეცვლაა შესაძლებელი, რის შედეგადაც ის ქვეყნიდან წავა.
„ვფიქრობ, ეს მაქსიმალური ვადაა, რომლის დროსაც ბევრ აუცილებელ რამეს მოვასწრებ: კონსტიტუციას წესრიგში მოვიყვანთ, შევცვლით კანონებს, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენი ქვეყნის განვითრების რეალურ სტრატეგიასა და მიმდინარეობას, ვუზრუნველყოფთ სიტყვის, სასამართლოს, მედიის თავისუფლებას, გავათავისუფლებთ პოლიციას პოლიტიკისგან, პროკურატურისგან და ა.შ ორ წელიწადში ეს შეიძლება მოესწროს. მოესწრება კარგი გუნდის ჩამოყალიბებაც. მინიმუმ ერთი, მაქსიმუმ ორი, საშუალოდ 1,5 წელი ყველაზე ოპტიმალური დროა ამისთვის“,-აცხადებს ივანიშვილი.