საკრებულოში ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე ინგა გრიგოლია პოლიტიკას ემიჯნება. აღნიშნულის შესახებ, გრიგოლია გაზეთ „პრაიმ ტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
მისი განცხადებით, ძალიან მალე პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს და აღნიშნავს, რომ ქართულ პოლიტიკაში მისნაირი ემოციური ადამიანების ადგილი არაა.
„გიორგის აბსოლუტურად ვეთანხმები, იყო ძალიან დიდი აგრესია იმის გამო, რომ მე ვიყავი განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მქონე პარტიაში და არ გახლდით იქ, სადაც ხდებოდა ადამიანების საყოველთაო მობილიზაცია. ჩემი „ფეისბუქის“ გვერდიდან დაწყებული, დამთავრებული სატელეფონო ზარებით და SMS–ებით მოდიოდა ძალიან დიდი აგრესია ჩემს წინააღმდეგ. მივხდი, რომ არ მიღირდა არც კენჭის ყრა და არც დეპუტატის მანდატი ამხელა აგრესიად. სწორედ ამიტომ მოვხსენი ჩემი კანდიდატურა. მე არ გადავმხტარვარ არავის პოლიტიკურ გუნდში, ამ დღეების განმავლობაში სპეციალურად არ ვაკეთებდი რაიმე ტიპის განცხადებას, რათა ვინმეს არ ჩაეთვალა, რომ სხვა პოლიტკურ გუნდში გადავხტი, იმ გუნდში, რომელიც უფრო რეალური იყო გაემარჯვა ამ არჩევნებში. ჩემი კანდიდატურის მოხსნა იყო სწორედ პროტესტი იმ აგრესიის წიინააღმდეგ, რომელმაც მოიცვა სრულიად ქვეყანა და შემეხო პირადად მეც. მივიღე გადაწყვეტილება საერთოდ გავემიჯნო პოლიტიკას. არ მიღირს პოლიტიკაში მუშაობა იმად, რომ, ჩემი განსხვავებული აზრის გამო, ვიღაცეებმა ტალახი მესროლონ, სრულიად დაუმსახურებლად. ალბათ, ქართულ პოლიტიკაში ჩემნაირი ემოციური ადამიანების ადგილი არაა“, - განაცხადა გრიგოლიამ.
მისი თქმით, საქმიანობას მედიის მიმართულებით გააგრძელებს.
„ალბათ ჩემს მუშაობას გავაგრძელებ ისევ მედიის მიმართულებით, შეიძლება ეს იყოს როგორც ტელეიმედის მიმართულებით, ასევე პრესა. ამ ყველაფერზე ჩამოვყალიბდები. მთელი ამ ხნის განმავლობაში დავასკვენი, რომ ყველას არ შეუძლია გაუძლოს იმ ცილისწამებას, რომელიც ისმის ხოლმე სხვადასხვა განსხვავებული პოლიტიკური აზროვნების მქონე ადამიანის მისამართით. გადაწყვეტილება პრაქტიკულად უკვე მიღებული მაქვს და სულ მალე ოფიციალურად გავაფორმებ“, - აცხადებს გრიგოლია „პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში.
ცნობისთვის, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ გრიგოლიას მიერ გლდანის რაიონში კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ გრიგოლიაზე სატელეფონო ზარებით და ფიზიკური განადგურების მუქარებით ზეწოლა ხორციელდებოდა.
ამ ნაბიჯის შემდეგ თავად გრიგოლია მედიასთან არ გამოჩენილა, „ფეისბუქში“ კი, საკუთარი გვერდი საერთოდ გააუქმა.