"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი, როლანდ ახალაია „ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ალასანიას მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედთან" საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ალასანიამ მას ხობის მხედრიონის ყოფილი უფროსი მიუგზავნა და დაჭერით დაემუქრა.
ასევე, როლანდ ახალაია ამბობს, მისი ოპონენტები ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ საოლქო კომისიაზე და არჩევნების შედეგები შეცვალონ.
ტელეკომპანია „იმედმა" დღესვე, ფარული ვიდეოჩანაწერიც გაავრცელა, რომელიც ტელეკომპანიის ინფორმაციით, ახალაიას და ხობის მხედრიონის ყოფილი უფროსის საუბარს ასახავს.
საუბარი ავტომანქანაში მიმდინარეობს, თუმცა არც ერთი მოსაუბრე კადრში მოხვედრილი არ არის. ამასთან, ფარულ ჩანაწერში არც ერთი სახელი და გვარი ნახსენები არ არის.
ერთ-ერთი მათგანი, რომელიც როლანდ ახალაიას განცხადებით, ხობის მხედრიონის უფროსია და ირაკლი ალასანიას დავალებით სწორედ მას ესაუბრება, ხაზს უსვამს რომ დანაბარებს ზუსტად სიტყვა სიტყვით გადასცემს: "ზუგდიდი მოგებული გვაქვს. მიშამ დათმო. ჩვენ არ ვაპირებთ მოგებული დათმობას, ხვალიდან ვიწყებთ აქციებს. არ გვინდა ზუგდიდში სიტუაცია დავძაბოთ, თუმცა თუ საჭირო გახდა დავძაბავთ. პოლიცია და პატრული ჩვენ ხელს არ შეგვიშლის. ყველა ფაქტებს გამოვიტანთ. ამიტომ პროცესებს თვითონ, როგორც უნდა ისე ჩამოშორდეს და თავს გადაირჩენს დაჭერისგანო".