მამუკა კაციტაძემ თანამდებობა დატოვა

მამუკა კაციტაძემ თანამდებობა დატოვა

სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ თანამდებობა დატოვა, თუმცა  კომისიის რიგით წევრად მუშაობას კვლავ განაგრძობს.

როგორც კაციტაძემ დღეს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად თანამდებობიდან წასვლისა, კვლავ იღებს პასუხისმგებლობას კომისიის იმ საქმიანობაზე, რომელიც კომისიამ შექმნის დღიდან დღემდე განახორციელა.

"მე ნათქვამი მქონდა, რომ 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ჩემს თავს ვეღარ მოვიაზრებდი ამ თანამდებობაზე. რის გამოც დღეს მე მივმართე კომისიას და დავტოვე თანამდებობა", - განაცხადა კაციტაძემ.

რაც შეეხება კომისიის ახალ თავმჯდომარეს, კაციტაძე აცხადებს, რომ მისი ვინაობა ჯერჯერობით მისთვის უცნობია. თუმცა განმარტავს, რომ ამ პოსტზე შესაძლებელია მისი მოადგილე ან ოპოზიციონერი წევრებიდან რომელიმე დაინიშნოს.

დღესვე კაციტაძემ ჟურნალისტებს არჩევნების დღეს ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გააცნო. მისი განცხადებით,

„კომისიამ განახორციელა მონიტორინგი დაზუსტებულ სიასა და სამაგიდო სიას შორის და დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. კომისიაზე ყველამ ერთხმად გამოთქვა კმაყოფილება, რომ პრინციპში არ ყოფილა პრობლემა სიასთან დაკავშირებით", -განაცხადა კაციტაძემ.

შეგახსენებთ, კომისიამ მუშაობა გასული წლის 17 ნოემბერს დაიწყო და უფლებამოსილება 2012 წლის ბოლოს უწყდება.