ცესკო-ს სპიკერის ეკა აზარაშვილის განცხადებით, არჩევნების შედეგები სიღნაღის ერთ უბანზე და ხულოს ერთ უბანზე ბათილად გამოცხადდა.
მისი თქმით, შედეგები სადავო რჩება 8 ოლქში, მათ შორის - თეთრიწყაროს, მარნეულის, ბოლნისის, ახალციხის, ხაშურის, ადიგენის, გარდაბნისა და ლაგოდეხის ოლქებში.
აზარაშვილმა დღესვე არჩევნების შედეგების გასაჩივრების პროცედურები განმარტა - საუბნო კომისიის გადაწყვეტილების საოლქო კომისიაში გასაჩივრების ვადა სამი დღეა, საოლქო კომისიას საჩივრის განსახილვევლად ერთი დღე აქვს.
საოლქოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 2-დღიანი ვადაა დაწესებული, საქალაქო სასამართლომ კი საჩივარი 2 დღეში უნდა განიხილოს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდეს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოაა.
ამასთან, ეკა აზარაშვილმა პოლიტიკურ სუბიექტებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, შეწყვიტონ ზეწოლა საოლქო კომისიებზე.
მისი განცხადებით, ცესკო ყველა დარღვევაზე სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.