კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოში ყოფნის 360 -დღიანი ვადა ხვალ, 5 ოქტომბერს ეწურება.
მიუხედავად ამისა, როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, შალვა თადუმაძემ From.ge -ს განუმარტა, მის წინააღმდეგ ვერანაირი სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვერ დადგება.
თადუმაძის განმარტებით, პირს უფლება აქვს საქართველოში შემოსვლიდან 360 დღე იმყოფებოდეს. თუმცა მისი თქმით, ეს კანონი ბიძინა ივანიშვილზე ვერ გავრცელდება, რადგან ის საქართველოში შემოვიდა არა როგორც ევროპის მოქალაქე, არამედ როგორც საქართველოს მოქალაქე. ამიტომ თადუმაძე აცხადებს, რომ ის ნორმატიული აქტი, რომელიც არეგულირებს ევროპის მოქალაქეების ყოფნის ვადებს საქართველოში, იურიდიულად უფრო დაბალი მნიშვნელობის აქტია, ვიდრე კონსტიტუცია.
გარდა ამისა, ადვოკატის განმარტებით, ამის შემდეგ კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ევროპის მოქალაქეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში, კერძოდ არჩეული იქნას მაღალ თანამდებობებზე, რაზედაც აღნიშნული ნორმა ვერ გავრცელდება.
„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არის ჩართული. ის პრემიერ-მინისტრობისკანდიდატად ოფიციალურად არის წარდგენილი. გარდა ამისა, პირები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს ვადის გასვლის შემდეგ ადამიანის ქვეყნიდან დეპორტაციაზე , საჯაროდ და პოლიტიკურად ამას აღიარებენ და ივანიშვილს განიხილავენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.
გამომდინარე იქედან, რომ ის დარჩება საქართველოში, გახდება პრემიერ მინისტრი და უპრობლემოდ წარადგინეს მინისტრთა კაბინეტს, მას ეს ვადა ასე მარტივად ვერ ამოეწურება.“, - განაცხადა თადუმაძემ და აღნიშნა, რომ ის რომ 365 დღე გავიდა და საფრანგეთის მოქალაქე აუცილებლად უნდა გავიდეს ქვეყნიდან, ეს ასე არ ხდება.
თადუმაძემ ასევე სხვა დამატებით რეგულირების საკითხზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, ადმინისტრაციული სამართალდარღევათა კოდექსის მიხედვით, პირი, რომელიც დაარღვევს ამ ვადას ანუ 360 დღეს გადააცილებს კიდევ 10 დღით, იგი ადმინისტრაციული სამართალდარღევათა კოდექსის მიხედვით ა 150 ლარის ოდენობით დაჯარიმდება .
„აქედან გამომდინარე, თუ სამართლებრივ რეჟიმში ვიმსჯელებთ, არა როგორც პრემიერ მინისტრობის კანდიდატის, არამედ უბრალოდ სხვა ქვეყნის მოქალაქის თვალსაზრისით, ივანიშვილს ამ ვადის იქეთ საქართველოში დარჩენის კიდევ 10 დღე გააჩნია. ამ ჯარიმის შემდეგ კანონი ამბობს, რომ პირი შეიძლება საქართველოდან გაძევებული იქნეს, თუ მისი ქვეყანაში დარჩენით უხეშად ირღვევა კანონმდებლობა ან მისი ქმედებებით სისტემატური ხასიათი აქვს სხვადასხვა სახის კანონდარღვევას , მათ შორის ადმინისტრაციულადაც . ამის შემდეგ იუსტიციის სამინისტრო ავალებს სააღსრულებლო ბიუროს პირის იძულებით გაძევევბაზე საქართველოდან, რასაც მოყვება სააღსრულებლო წარმოება იძულებითი გაძევებასთან დაკავშირებით.
ეს უწყება კიდევ 7 დღის ვადას აძლევს მოქალაქეს ნებაყოფლობით დატოვოს საქართველოს ტერიტორია“, - აღნიშნა მან.
ადვოკატის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია კოალიციის ლიდერი საქართველოს საზღვრებს დატოვებს თუ არა, თუმცა აცხადებს, რომ იურიდიულად ამის უფლება არავის აქვს.