„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას

„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას" საოლქო კომისიებზე ზეწოლების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები „ქართულ ოცნებას" საოლქო კომისიებზე ზეწოლების შეწყვეტისკენ  მოუწოდებენ. ამასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ და "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ბარამიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

ბაქრაძის თქმით, თუ რაიმე დარღვევა არსებობს, მისი გამოსწორების სამართლებრივი მექანიზმები არსებობს და არა „კომისიების ბლოკირება, ალყაში მოქცევა, კარებების მტვრევა და კომისიის წევრებზე ფიზიკური ზეწოლა“.

„ჩვენ მივეცით მაგალითი იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პატივს სცემს ქართველი ამომრჩევლის ნებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და იმედი მაქვს, რომ "ქართულ ოცნებასაც" ეყოფა პოლიტიკური პასუხისმგებლობა იგივე ნაბიჯით გვიპასუხოს, თუნდაც კონკრეტული ოლქებისა და უბნების დონეზე", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

რაც შეეხება გიორგი ბარამიძეს. მისი თქმით, თუ რაიმე დარღვევა არსებობს და რაიმე გასასაჩივრებელია, „საკითხი ყოველგვარი ჩარევისა და შევარდნის გარეშე უნდა განიხილონ".

„მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", რომელიც დემოკრატიასა და არაძალადობაზე ნოტაციებს გვიკითხავდა, როგორც მინიმუმ წესიერად მოიქცეს და საქართველოს კანონმდებლობას, ქართველ ხალხსა და მის არჩევანს პატივი სცეს. ასევე იმ ინსტიტუტებს, რომლებმაც მათი ხელისუფლებაში მოსვლა გააფორმეს, ნორმალური მუშაობის საშუალება მისცეს", - აღნიშნა ბარამიძემ.