გოგი ხუციშვილი: ორ მხარეს შორის, დიალოგის წარმოების  მზადყოფნა თუ არსებობს,  ეს ახლა უნდა მოხდეს

გოგი ხუციშვილი: ორ მხარეს შორის, დიალოგის წარმოების მზადყოფნა თუ არსებობს, ეს ახლა უნდა მოხდეს

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი რუსეთის  მთავრობის ხელმძღვანელის დიმიტრი მედვედევის განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც, „რუსეთის მმართველი პოლიტიკური ძალა „ედინაია რასია“  რუსულ-ქართული ურთიერთობების მომავალზე დიალოგისთვის მზადაა“ აცხადებს, რომ ის ფორმალური დაბრკოლება, რომლითაც სიტუაცია ორ ქვეყანას შორის გაყინული იყო მოხსნილია და ორ მხარეს შორის, თუ დიალოგის წარმოების  მზადყოფნა არსებობს,  ეს ახლა უნდა მოხდეს.

„ძირითადად,  მოლაპარაკებების არ არსებობა ახსნილი  იყო  იმით,  რომ პრეზიდენტები ერთმანეთს არ ესაუბრებოდნენ,  მაგრამ სინამდვილეში, საქართველოსა და რუსეთს შორის,  სიტუაცია და პრობლემა გაცილებით უფრო ღრმაა. საქმე ისაა, იყო თუ არა აქამდე საქმე იმდენად გამოუვალი,  როგორც ეს  წარმოდგენილი იყო. ყოველთვის მივიჩნევდი, რომ ეს ასე არ იყო და  რომ  შესაძლებლობები არსებობდა, რომლებიც გამოუყენებელი  იყო.  ახლა, ვინაიდან ის მთავარი დაბრკოლება,  რომელიც ოფიციალურად იყო წინ წამოწეული მოხსნილია, თუ არსებობს მზადყოფნა და საშუალება ორ მხარეს შორის დალაპარაკებისა ეს ახლა უნდა მოხდეს“, - განაცხადა ხუციშვილმა.

მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობის მოლაპარაკება ადვილი არ იქნება და აღნიშნავს, რომ რუსეთი  მაინც იმპერიული თვალით გვიყურებს.

მიუხედავად ამისა, ხუციშვილი მიიჩნევს, რომ არსებობს დიპლომატიური საშუალება იმისა, რომ რუსეთთან გარკვეული წინაპირობები წარმოიშვას, რომ ქართულ-აფხაზურ,  ქართულ-ოსურ დიალოგში,  ურთიერთობების განვითარებაში მათ  ხელი არ შეგვიშალონ.

„რაც მთავარია, უნდა მოიხსნას ის მტრული რიტორიკის ფონი, რომელიც  ამ ბოლო წლებში,  საქართველოში  არსებობდა“, - განაცხადა ხუციშვილმა.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ რუსეთი ივანიშვილს ვეღარ წაუყენებს იმ საბაბს, რასაც სააკაშვილს უყენებდა.

„ივანიშვილს რუსეთთან დალაპარაკების ობიექტური საშუალება აქვს. უნდა მივცეთ საშუალება  მოლაპარაკება დაიწყოს და მერე,  კოლექტიურად ვინც ამ საქმეში  ჩახედულია უნდა დაეხმაროს იმაში, რომ ეს დალაპარაკება, ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების ხარჯზე არ წარიმართოს“, - განაცხადა ხუციშვილმა.