კოალიცია „ქართული ოცნების" ემიგრაციისა და დიასპორებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, კოტე სურგულაძე საპარლამენტო არჩევნებში ემიგრანტების აქტიურობის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ ცესკო ქართველი ემიგრანტების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.
მისი განცხადებით, იქმნება შთაბეჭიდლება, რომ იმ უბნების შედეგებს, რომლებიც ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა და რომლებიც დიდი უპირატესობით აქვს მოგებული "ქართულ ოცნებას" ცესკო შეგნებულად არ აქვეყნებს.
„პირველი განცხადება, რომელიც ცსკ-მ ემიგრაციაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, იყო ავღანეთში დისლოცირებული საქართველოს სამხედრო ნაწილებში 23 სექტემბერს ჩატარებული კენჭისყრის მონაცემები, რასაც შეგნებულად დაარქვა საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლებიდან მიღებული წინასწარი შედეგები. ამით ცსკ-მ სცადა შეექმნა განწყობა, თითქოს ქართველი ემიგრანტები "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერენ მხარს. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რაც უცხოეთში ჩვენი მოქალაქეების დიდ გულისწყრომასა და დამსახურებულ აღშფოთებას იწვევს. ჩვენს მიერ საზღვარგარეთის 45-ვე უბნის ოქმების დათვლის და შეჯამების შედეგად “ქართულმა ოცნებამ” ხმების 64% მიიღო, ხოლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" – 29%. იმ შემთხვევაში, თუ ემიგრანტების უბნებს ავღანეთში დისლოცირებული საქართველოს სამხედრო ნაწილების კენჭისყრის შედეგები დაემატება, ამ შემთხვევაშიც კი "ქართულ ოცნებას" 52,7% ექნება, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" 41,3%", - განაცხადა სურგულაძემ.
ამასტაანავე, სურგულაძე მოითხოვს, ცსკ-მ ემიგრანტების და სამხედრო უბნების შედეგები ოფიციალურად ცალ-ცალკე გამოაცხადოს, რათა ემიგრაციის რეალური განწყობა გამოჩნდეს.