სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება. ამასთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე.”
ამავდროულად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.
შესაბამისად, სამინისტროში აცხადებენ, რომ სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების თანამშრომელთა პერსონალური მონაცემები დაწესებულების ადმინისტრაციას ან სხვა უფლებამოსილ პირს არ გაუსაჯაროებია.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, პირადი საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა ან გავრცელება, წარმოადგენს დასჯად ქმედებას. იმედს ვიტოვებთ, რომ საგამოძიებო ორგანოები ყურადღებით მოეკიდებიან აღნიშნულ ფაქტს და განახორციელებენ იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებმაც აღნიშნული ინფორმაცია კანონის მოთხოვნათა დარღვევით საჯარო გახადეს.
ამავდროულად, მოვუწოდებთ საზოგადოებას, თუ აქვთ ინფორმაცია სასჯელაღსრულების სისტემის რომელიმე მოხელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ, ინფორმაცია მიაწოდონ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს და არ დაუშვან პირადი კომუნიკაცია ხსენებულ პირებთან ანდა მათი ოჯახის წევრებთან სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით რაიმე ზემოქმედების ან დასჯის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე სასჯეალაღსრულების სამინისტრო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ხელისუფლების წარმომადგენელზე, ანდა მათ სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მათ სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მათი ოჯახის წევრზე თავდასხმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით დანაშაულია.