საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ქვეყანაში მალე ორპარტიული პარლამენტი იქნება, სადაც უმრავლესობას „ქართული ოცნება“ წარმოადგენს, უმცირესობას კი „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა არჩევნების საბოლოო შედეგები ცესკოს მიერ ოფიციალურად 18 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, რეგიონების უმრავლეს საარჩევნო ოლქში და თბილისის ყველა უბანზე როგორც მაჟორიტარულ, ასევე პროპორციულ არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნება“ ლიდერობს.
რა საფრთხეები შეიძლება არსებობდეს ორპარტიულ პარლამენტში იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის პრეზიდენტად უმცირესობაში მყოფი პარტიის თავმჯდომარე იქნება, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ასეთ ვითარებაში, რამ განაპირობა კოალიცია „ქართული ოცნების“ ასეთი მაღალი მაჩვენებელი და რამდენად მოსალოდნელი იყო ასეთი შედეგის დაფიქსირება, From.ge ექსპერტს, არჩილ გეგეშიძეს ესაუბრა.
-ბატონ არჩილ, დასრულდა საპარლამენტო არჩევნები, გვაქვს წინასწარი და ეგზიტპოლის შედეგები, როგორ შეაფასებთ არსებულ მონაცემებს?
- მართალია ამ დროსათვის გვაქვს წინასწარი მონაცემები, მაგრამ საბოლოო შედეგები ჯერჯერობით არ გვაქვს. თუ პარლამენტში „ქართული ოცნება“ მცირე უმრავლესობით აღმოჩნდა, მაშინ მთელი 1 წელი საპრეზიდენტო არჩევნებამდე, პრობლემებით აღსავსე პერიოდი იქნება. ცოტა უფრო მეტი ძალით თუ მოვიდნენ, მაშინ მეტი შანსია, რომ რაღაცნაირად ის პოლიტიკური კრიზისები ავირიდოთ თავიდან, რომელიც შეიძლება დაიწყოს. რადგან ჩვენ ძალიან რთული და და უცნაური კონსტიტუციური გარემო გვაქვს.
-რა საფრთხეები იგულისხმება კონკრეტულად?
-მართალია, „ნაციონალური მოძრაობა“ უმცირესობაშია, მაგრამ პრეზიდენტი ჯერ კიდევ ძლიერი ძალაუფლებით აღჭურვილი პირია. თუ ადგილების შეფარდება, ისე მოხდა, რომ „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ თანაბარი ძალებით იქნენ პარლამენტში წარმოდგენილები, მაშინ იქნება ჭიდილი ამ ორ ძალას შორის თავიანთი პრეზიდენტით. ეს გამოიწვევს გაურკვევლობასა და დაძულობას - ისინი გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ, შეთანხმებები ვერ შედგება, კომპრომისებს ვერ გამოიძებნება და ა.შ.
გარდა ამისა, მომავალი წლის აპრილში პრეზიდენტს აქვს უფლება პარლამენტი დაშალოს. კონსტიტუციის თანახმად მას ამის უფლება არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ და საპრეზიდენტო არჩევნებამდე 6 თვით ადრე აქვს.
სწორედ ეს პერიოდი არის 1 აპრილიდან 30 აპრილამდე. ამიტომ პარლამენტის შეკრების დღიდან თუ მათ დაძაბული ურთიერთობა ექნებათ და ეს არც არის გამორიცხული, სავსებით შესაძლებელია არჩევნები ხელახლა გამოცხადდეს. ამიტომ მოსალოდნელი ასეთი საფრთხეების ფონზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ გადანაწილდება ხმები და ვინ რა პროპორციით შევა პარლამენტში.
-ასეთ ვითარებაში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას დამარცხების შესახებ და გადაწყვეტილებას ოპოზიციაში გადასვლასთან დაკავშირებით, როგორ შეაფასებთ? იყო თუ არა ეს დემოკრატიული იმიჯის შენარჩუნების ერთგვარი მცდელობა?
-ვფიქრობ, რომ საკაშვილმა ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა და დარწმუნებული ვარ ამას ბევრი არც ელოდებოდა. რამ განაპირობა მისი ეს ნაბიჯი ვერ გეტყვით, შესაძლებელია ეს იყო საერთაშორისო ზეწოლის შედეგი ან თვითონ მიხვდა ამას. მიუხედავად იმისა, რომ მე უფრო პირველი ვარაუდი მგონია, საერთო ჯამში კარგია, რომ ეს გააკეთა. თუმცა ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ საბოლოოდ გარკვეულია ის პროპორცია, რომლითაც პარლამენტში სხვადასხვა ძალა უნდა შევიდეს. არადა სწორედ ამაზეა დამოკიდებული რეალურად როგორ იქნება მიღებული ქვეყანაში უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
პარლამენტში სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, ძირითად ორ ძალას შორის აუცილებლად იქნება საპირისპირო მოსაზრებები. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უმცირესობაში იქნება, არაფერს ნიშნავს. იმიტომ რომ მათ ზურგს პრეზიდენტის უფლებამოსილება გაუმაგრებს.
მისი ძალაუფლება კი კვლავ ძლიერია, რადგან კონსტიტუცია ჯერ არ შეცვლილა. ეს შეიცვლება მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. მანამ ეს ერთი წელი პრეზიდენტი არის უაღრესად ძლიერი მანდატით აღჭურვილი. ამიტომ უმცირესობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში უფრო სუსტი ძალა იქნება წარმოდგენილი.
-მიუხედავად ყველაფრისა, ელოდით თუ არა მოვლენების ასეთ განვითარებას და თუნდაც „ქართული ოცნების“ ასეთ მაღალ შედეგებს?
-სიმართლე გითხრათ, ასეთი შედეგის წარმოდგენა ძალიან გამიჭირდებოდა რამდენიმე ხნით ადრე. ვფიქრობდი, რომ „ნაცმოძრაობა“ ყველანაირად ეცდებოდა მის ხელთ არსებული რესურსების - მათ შორის ობიექტური მხარდამჭერების, ადმინისტრაციული და სხვა რესურსების გამოყენებას როგორც წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ასევე უშუალოდ არჩევნების პროცესში და მას შემდეგაც. ამის შედეგად კი არჩევნები გაყალბდებოდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობდი, რომ მმართველი პარტია გაცილებით მეტ მანდატს მოიპოვებდა, ვიდრე „ქართული ოცნება“. ამ შემთხვევაში საუბარი იყო იმაზე, თუ რამდენით მეტ მანდატს მოიპოვებდა. ჩემი ვარაუდით, „ნაციონალური მოძრაობა“ საერთო მანდატების რაოდენობის 55-დან 65%-ს მიიღებდა.
-მაშინ როგორც ფიქრობთ, რამ გამოიწვია ასეთი შედეგი?
-ციხის სკანადალის შემდეგ ძალიან გართულდა რაიმე პროგნოზის გაკეთება. მაშინ მეგონა, რომ არჩევნებზე საბრძოლო ფრე დაფიქსირდებოდა, ან „ქართული ოცნება“ მცირე უპირატესობას მოიპოვებდა, თუმცა არა ისეთს, როგორიც შედეგებმა აჩვენა. გამოდის, რომ არსებული მდგომარეობისა და ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილება გაცილებით ღრმა ყოფილა, ციხეების სკანდალმა კი ამ ყველაფერზე კიდევ უფრო მეტი ეფექტი იქონია, ვიდრე წარმოვიდგენდი. ყოველივე ამის ფონზე ზოგიერთმა მერყევმა ან თუნდაც ნაციონალების არაფანატიკოსმა მხარდამჭერებმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირეს მხარი და არა „ნაციონალურ მოძრაობას“. ალბათ ამანაც განსაზღვრა ასეთი მკვეთრი ცვლილება. თუმცა ხმების დათვლის პროცესი ჯერ არ დამთავრებულა და შესაბამისად თუ რამდენით მოიგო „ქართულმა ოცნებამ“ არ ვიცით.
-ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ არჩევნები დემოკრატიული პრინციპების დაცვითა და სამართლიანად ჩატარდა...
-ჩვენ თუ არჩევნების პროცესს დავყოფთ სამ ნაწილად: წინასაარჩევნო კამპანიად, კენჭისყრის პროცესად და ხმების დათვლის ეტაპად, სხვადასხვა სურათი გვექნება. წინასაარჩევნო პროცესი მართალია, ჩატარდა კარგი პოსტსაბჭოთა სტანდარტებით და შეიძლება სამეზობლოში ვიღაცას ვჯობივართ, მაგრამ ის ნამდვილად არ ჩატარებულა ევროპული სტანდარტების დაცვით. ამაზე მეტყველებს ეუთოს მისიის, საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ ყველა ის შუალედური დასკვნა, რომელიც მრავლად გამოქვეყნდა.
ცალკეული ექსპერტებიც აღიარებენ, რომ ეს კამპანია არ მიმდინარეობდა თანაბარ პირობებში და მმართველი პარტიისა და ხელისუფლების მიერ არაერთი დარღვევა მოხდა.
რაც შეეხება კენჭისყრის პროცესს, ეს მეტნაკლებად კარგად ჩატარდა, თუმცა გარკვეულ ექსცესებს მაინც ჰქონდა ადგილი. მაგალითად ხაშურში, დრამატული ფაქტები დაფიქსირდა, თუმცა მალევე იქნა ლოკალიზებული. საერთო ჯამში 3700 უბნის ფონზე ასეთი მცირე ინციდენტები საერთო სურათს დიდად არ ცვლის. ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ხმის მიცემის პროცესი და არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდა, ამის დასავლეთსაც ეშინოდა, მაგრამ რადგან მშვიდობიანად ჩატარდა ყველაფერი, მათ ბევრ რამეზე თვალი დახუჭეს და საერთო ჯამში კენჭისყრის პროცესი დადებითად შეფასდა.
რაც შეეხება ხმების დათვლის პროცესს, რადგანაც „ნაცმოძრაობამ“ აღიარა დამარცხება, უცხოელ დამკვირვებლებს საერთოდ დაუბნელდათ თვალი და ამიტომ მათ მათთვის მთავარ სენსაციაზე გაამახვილეს ყურადღება - რომ არჩევნების გზით მმართველი ძალა დამარცხდა და ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვიდა.
საერთო ჯამში, ეს არჩევნები ჩაითვლება როგორც პოზიტიური და შეიძლება პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე სამაგალითო არჩევნებად.