ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი საარჩევნო დარღვევებზე ინფორმაციას ავრცელებს.
ნანუაშვილის განცხადებით, ადამიანთა უფლებათა ცენტრი პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს 100 დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდებოდა, რომლებიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ.
კონკრეტულად, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონებში.
ნანუაშვილის განცხადებით, ცენტრის დამკვირვებლების მიერ, 70 - ზე მეტი სერიოზული დარღვევა იქნა დაფიქსირებული, რომლებზეც შესაბამის კომისიებში სპეციალური საჩივრები მომზადდა.
ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით მეტი დარღვევები საგარეჯოს, გარდაბნის, მარნეულის, ახმეტის საარჩევნო ოლქებში დაფიქსირდა და აღნიშნავს, რომ აქ, არჩევნების დღეს ადგილი ჰქონდა, როგორც აგიტაციას კომისიი წევრების მხრიდან, ისე კენჭისყრის ფარულობის პრინციპი სისტემატიურად ირღვეოდა.
„იყო შემთხვევა, როდესცა ორი და მეტი ადამიანი ერთდროულად შედიოდა და ხმას ერთად აძლევდა. ძალიან ხშირად, ადგილი ჰქონდა კომისიის წევრების მხრიდან, აგიტაციას და გაისმოდა სიტყვა „ბეშ“, რომელიც ქართულად ნიშნავს 5-ს. მაგალითად, 21 საარჩევნო ოლქის 49 უბანზე, უბნის კომისიის თავმჯდომარე აქტიურად ეწეოდა აგიტაციას და თითქმის ყველა ამომრჩეველს 5-იანის შემოხაზვისკენ მოუწოდებდა“, - განაცხადა ნანუაშვილმა.
მისი თქმითვე, ადგილი ჰქონდა რამდენიმე ფაქტს, როდესაც ცენტრის დამკვირვებლებზე ზეწოლა განხორციელდა.
„გარდაბნის რაიოში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, ადამაინის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელის მიმართ, ადგილი ჰქონდა გაურკვეველი სტატუსის მქონე პირების მხრიდან ზეწოლას. შედეგად, ის იძლებული გახდა საარჩებო უბანი დაეტოვებინა. ზოგიერთ რაიონში იყო გამოყენებული ე.წ. კარუსელი. კახეთის რაიონში, ცენტრის დამკვირვებლების მხრიდან 50 მეტი დარღვევა დაფიქსირდა. ასევე სერიოზული დარღვევები იყო პანკისში, სოფელ დუისში მეხუთე საარჩევო უბანაზე, სადაც ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა კენჭისყრის შენობაში მყოფი პირისგან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, მომზადებული ელექტრონული მონაცემთა დახურული ბაზიდან ამობეჭდილი 22 დოკუმენტი მოიპოვა, სადაც სრულყოფილი ინფორმაციაა ამომრჩევლების შესახებ. ეს დოკუმენტაცია საჯარო ინფორმაციას არ განეკუთვნება და აღნიშნულზე ჩვეულებრივ მოქალაქეებს ხელი არ უნდა მიუწვდებოდეს. შესაბამისად, ჩვენ ამ ფაქტების გამოძიებას მოვითხოვთ. ასევე მოვითხოვთ, როგორც საგარეჯოს 47 უბანზე, გარდაბნის 49 -ე, 57-ე საარჩევნო უბნებზე ასევე დუისში მეხუთე საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმებას“, - განაცხადა ნანუაშვილმა.
ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში ირღვეოდა მარკირების პროცედურებიც.
„იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანების სხვის ნაცვლად აძლევდა ხმას. მაგალითად, სოფელ ველისციხეში დაფიქრსიდა შემთხევა, როდესცა არჩევნებში მონაწილეობა რძალმა დედამთილის ნაცვლად მიიღო მონაწილეობა“, - განაცხადა ნანუაშვილმა.
მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის დამკვირვებლებს სერიოზული პრობლემები ექმნებოდათ საჩივრების დაწერის შემთხვევებში.
ნანუაშვილი ამბობს, რომ ხშირი იყო საჯარო მოხელეების და თავად გამგებლის ერთი საარჩევნო უბნიდან მეორეზე გადასვლა.
ცენტრმა მედიაზე რამდენიმე ზეწოლის ფაქტიც დააფიქსირა.