შალვა შავგულიძე:  ინფორმაციას, რომ იუსტიციის სამინისტროს შესაძლოა მე ვუხელმძღვანელო, არ ვფლობ

შალვა შავგულიძე: ინფორმაციას, რომ იუსტიციის სამინისტროს შესაძლოა მე ვუხელმძღვანელო, არ ვფლობ

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ადვოკატი შალვა შავგულიძე, გავრცელებულ ინფორმაციას,  რომლის თანახმადაც, იუსტიციის სამინისტროს ის უხელმძღვანელებს არ ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ყველაფერი მოსალოდნელია.

„ამას ჯერ-ჯერობით ვერ დავადასტურებ. ასეთ ინფორმაციას მე პირადად არ ვფლობ. შესაძლებელი ყველაფერია, მაგრამ ამ ეტაპზე, აღნიშნულზე კონკრეტულად ჩემთან, საუბარი არ ყოფილა“, - განაცხადა შავგულიძემ.

შეკითხვის პასუხად, თუ სად ხედავს საკუთარ თავს, იუსტიციის სამინისტროსა თუ პარლამენტში, შავგულიძე აცხადებს, რომ უფრო, პროკურატურაში.

„სიმართლე გითხრათ, პარლამენტშიც ძალიან ბევრი სამუშაოა, იურიდიულ კომიტეტში კანონმდებლობა შესაცვლელია. ძალიან სერიოზული სამუშაოებია იუსტიციის სამინისტროსა და  პროკურატურაშიც.

 პროკურატურა ძალიან მნიშვნელოვანია ვინაიდან,  ძალიან ბევრი საქმეა გამოსაძიებელი. არ ვიცი, მე ზოგადად,  ვფიქრობ იუსტიციის სამინისტროში უფრო  ქმედითი და ძალიან სერიოზული სამუშაო იქნება  პროკურატურის მიერ ჩასატარებელი, უფრო პროკურატურაში“, - განაცხადა შავგულიძემ.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს შალვა შავგულიძე უხელმძღვანელებს.

კოალიციის ლიდერები დღეს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში შეიკრიბნენ, თუმცა არ ადასტურებენ, რომ საუბარი ახალი მთავრობის შექმნას ეხებოდა.

ამასთან საუბარი იყო დავით საგანელიძის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენასთან დაკავშირებითაც, თუმცა თავად საგანელიძე აღნიშნულს არ ადასტურებს.