ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე პარტიული აქტივისტების მხიდან, ზეწოლა ხორციელდება.
შესაბამისად, ხარატიშვილის თქმით, ეს პროცესი საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას მნიშვნელოვნად აფერხებს.
„საოლქო საარჩევნო კომისიებს საქმიანობაში გარკვეული შეფერხება აქვთ, რაც გამოწვეულია იმით, რომ ზოგიერთი პარტიის აქტივისტები მათგან გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებას ძალიან ემოციურად და დაჟინებით მოითხოვენ. ყველაზე მძიმე შემთხვევა გვქონდა წუხელ, თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც საოლქო კომისიას ღამის 4 საათზე ზეწოლის შედეგად, მიღებული გადაწყვეტილება შეაცვლევინეს. ამას ჩვენ ალბათ, შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მივცემთ.
ასევე გუშინდელის შემდეგ, დიდი ზეწოლაა თერჯოლის საარჩევნო კომისიაზე. ეს ძირითადად ფსიქოლოგიური ზეწოლა და სიტყვიერი შეურაცხყოფაა, საკამოდ უცენზურო ფორმითაც და ვფიქრობთ, რომ ეს ყოვლად დაუშვებელია.
შედარებით ნაკლები სიმწვავის, მაგრამ მაინც, გარკვეული პრობლემები აქვთ ამბროლაურის, მარტვილის, ლაგოდეხის, მარნეულის და სულ 19-მდე საოლქო საარჩევნო კომისიას“, - განაცხადა ხარატიშვილმა.
მისი თქმით, როდესაც ამხელა ღონისძიებას აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, შესაძლოა ხარვეზები იყოს და აღნიშნავს, რომ თუკი, პრეტენზიები სამართლებრივ ჩარჩოში იქნება წარმოდგენილი, ადეკვატური და სწრაფი რეაგირება მოჰყვება.
„მინდა მოვუწოდო ყველა საარჩევნო სუბიექტს, სადამკვირვებლო ორგანიზაციას, ვისაც კი, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით, რაიმე პრეტენზია აქვს, როდესაც ამხელა ღონისძიებას აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, შესაძლოა ხარვეზები იყოს, თუმცა პირობას ვაძლევ ყველას, რომ ადეკვატური და სწაფი რეაგირება იქნება ყველაფერზე თუკი, სამართლებრივ ჩარჩოში იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა ხარატიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას მნიშვნელოვნად აფერხებს.
„მოგეხსენებათ, ახლა შეჯამების პროცესი, ოფიციალური შეჯამება მიმდინარეობს. მოვუწოდებთ ყველას, საარჩევნო ადმინისტრაციას კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებაში ხელი არ შეუშალოს“, - განაცხადა ხარატიშვილმა.