ქართველი ემიგრანტების მონაცემების გაყალბებასთან დაკავშირებით კოალიცია „ქართული ოცნება“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ცესკო-ს ემიგრანტების წიანაღმდეეგ ბრძოლასა და „ნაციონალების“ მიმართ მიკერძოებულებაში ადანაშაულებს.
კოალიციის განცხადებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 23 სექტემბერს, ავღანეთიდან მიღებული მონაცმები ქართველ ემიგრანტთა მონაცმებთან ერთად გააერთიანა. კოალიცია ასევე მოითხოვს, რომ საზღვარგარეთ დისლოცირებული საქართველოს სამხედრო ნაწილები და ემიგრაციის უბნები, რომლებიც ერთ ოლქად გააერთიანა, შედეგები ცალ-ცალკე გამოაცხადოს.
„ამით ცესკო-მ სცადა, შეექმნა განწყობა, თითქოს ქართველი ემიგრანტები მხარს უჭერენ "ნაციონალურ მოძრაობას". ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რაც უცხოეთში ჩვენი მოქალაქეების დიდ გულისწყრომასა და დამსახურებულ აღშფოთებას იწვევს. ჩვენს მიერ საზღვარგარეთის 45-ვე უბნის ოქმების დათვლის და შეჯამების შედეგად ქართულმა ოცნებამ მიიღო ხმების 64%, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ - 29.
იმ შემთხვევაში, თუ ემიგრანტების უბნებს დაემატება ავღანეთში დისლოცირებული საქართველოს სამხედრო ნაწილების კენჭისყრის შედეგები, ამ შემთხვევაშიც კი ქართულ ოცნებას ექნება 52,7% ხოლო ნაციონალურ მოძრაობას 41,3%.
გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ცესკო შეგნებულად არ აქვეყნებს იმ უბნების შედეგებს, რომლებიც ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა და რომლებიც დიდი უპირატესობით აქვს მოგებული ქართულ ოცნებას. ჩვენი აზრით, ცესკო ამით ცდილობს შექმნას და რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს საზოგადოებაში იმის ილუზია, თითქოს „ქართული ოცნება“ საზღვარგარეთის უბნებს აგებს“,-ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.