ცნობილ ქართველ ფეხბურთელს გიორგი დემეტრაძეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა სასჯელის მოხდის ვადა გაუნახევრა.
როგორც დემეტრაძის ადვოკატი მარიკა ფხალაძე from.ge - თან საუბარში განმარტავს, პრეზიდენტმა დემეტრაძე შეიწყალა, თუმცა მასთან მიმართებაში შეწყალება არა გათავისუფლებას არამედ, დარჩენილი სასჯელის განახევრებას ნიშნავს.
„მარიამობის დღესასწაულისთვის გიორგი დემეტრაძე პრეზიდენტმა შეიწყალა, ოღონდ ასე: დარჩენილი სასჯელი გაუნახევრა. მას დარჩენილი ჰქონდა ოთხი წელი, ორი წელი უკვე მოხდილი აქვს და ეს ოთხი წელი განახევრდა. დემეტრაძეს სასჯელის მოსახდელად ორი წელი დარჩა, დღეის მდგომარეობით კი, დაახლოებით წელიწადი და 10 თვე“, - განაცხადა ფხალაძემ.
ადვოკატი აქვე განმარტავს, რომ შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტისთვის არც დემეტრაძეს და არც მისი ოჯახის წევრებს არ მიუმართავს.
„მოგეხსენებათ, ის თავს ყოველთვის უდანაშაულოდ თვლიდა და წაყენებულ ბრალს არ ეთანხმებოდა. ბუნებრივია, მას გათავისუფლების მოლოდინი აქვს და იმედოვნებს, რომ მასთან ერთად საპყრობილეს ყველა უკანონო პატიმარი დატოვებს. პრეზიდენტმა ის ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე შეიწყალა. მას მარიამობისთვის პრეზიდენტის განკარგულება მიუტანეს, სადაც მითითებული იყო, რომ ის შეიწყალეს. ეს მისთვისაც მოულოდნელი სიურპრიზი იყო“, - განაცხადა ფხალაძემ.
ცნობილი ქართველი ფეხბურთელი სამართალდამცველებმა 2010 წელს დააკავეს და 223-ე პრიმა მუხლით დასდეს ბრალი, რაც ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობს.
ქართულმა მართლმსაჯულებამ მას თავისუფლების 6 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
საქმემ საქართველოში სამივე ინსტანცია გაიარა და ამ დროისთვის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია გასაჩივრებული, თუმცა, საქმის განხილვის თარიღი, ჯერჯერობით, ჩანიშნული არ არის.