მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორი, ცეზარ ჩოჩელი თანამდებობიდან მიდის. ამ გადაწყვეტილების შესახებ ჩოჩელმა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა.
მისივე განმარტებით, გადადგომის შესახებ განცხადებას შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ დაწერს.
„თუ არჩევნებს მოვიგებდით, მე თანამდებობიდან მაინც წავიდოდი, რადგან ჩემს ძირითად საქმიანობას უნდა დავუბრუნდე. ჯერ შვებულებაში ვარ, არ მახსოვს როდის მიმთავრდება. გამოვალ შვებულებიდან და თანამდებობიდან მივდივარ“, - განაცხადა ჩოჩელმა მცხეთა -მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოში არსებული 3776 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 3 654 უბნის შედეგები. ბოლო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ 55% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 41,27%. საპარლამენტო არჩევნები მცხეთა - მთიანეთის ოთხივე რეგიონში „ქართულმა ოცნებამ“ და კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატებმა მოიგეს.