საპარლამენტო არჩევნებზე არსებული დარღვევების შესწავლის მიზნით, საპარლამენტო-საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების" წევრმა სოზარ სუბარმა „ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სუბარის განცხადებით, უამრავი დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა, ამიტომ მისი თქმით, მთავარია, პირველ რიგში, საარჩევნო პროცესი მიიყვანონ ბოლომდე.
„წუხელ ერთ-ერთმა ადგილობრივმა საოლქო კომისიამ გააუქმა შედეგები, სადაც პროცესი აბსოლუტური გაყალბებით მიმდინარეობდა. ვსწავლობთ სხვა რაიონებს, ამიტომ დღეიდან ყველა იმ დარღვევის გამოძიების მიზნით, რომელიც არჩევნებზე მოხდა, საპარლამენტო-საგამოძიებო კომისია შეიქმნება. - განაცხადა სუბარმა და აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბების თემა უნდა დამთავრდეს.
მას ჯერ არ დაუკონკრეტებია, ვინ იქნება კომისიის ხელმძღვანელი, თუმცა განაცხადა, რომ ამის ფორმირების პროცესს ის რამდენიმე ადამიანთან ერთად დღესვე დაიწყებს.
„ჯერჯერობით არც პარლამენტის სპიკერის საკითხია გადაწყვეტილი, რაც შეხება მთავრობის ფორმირების პროცესს, ამ საკითხზე განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება“, - დასძინა მან.