პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ქართველ ხალხს, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს გამარჯვებას ულოცავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ facebook - ის საკუთარ გვერზე აქვეყნებს.
განცხადების თანახმად, ზურაბიშვილი საქართველოს მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში, საჭიროა ცესკომ დროულად დაითვალოს ოლქებში არჩევნების შედეგები და მანიპულაციების მცდელობებზე უარი თქვას.
„დაარსების დღიდან ვიბრძვით, ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის ავტოკრატიული მმართველობის დასასრულებლად. ბიძინა ივანიშვილმა სწორად დაგეგმილი სტრატეგიით და ხალხის ნდობით შეძლო საქართველოს დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნება, საიდანაც სააკაშვილმა დიდი ხნის წინ გადაუხვია.
სრულიად საქართველოს სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ, პირველ რიგში საჭიროა ცესკომ დროულად დაითვალოს ოლქებში არჩევნების შედეგები და უარი თქვას მანიპულაციების მცდელობებზე.
უახლოეს დღეებში იწყება არანაკლებ რთული ეტაპი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე, ვიდრე ეს არჩევნების მოგება იყო. წარმატებას ვუსურვებთ ახალ უმრავლესობას, დარწმუნებულნი ვართ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს ნამდვილად თანამედროვე, ჭეშმარიტად ევროპულ და ღირსეულად ქართულ სახელმწიფოდ“, - აცხადებს ზურაბიშვილი.