პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ გუშინ, პრესკონფერენციაზე გამოთქმული მოსაზრება პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით, არც ჩემი და არც კოალიციის პოლიტიკური მოთხოვნა არაა.
აღნიშნულთნ დაკავშირებით, კოალიცია „ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს.
„რაც შეეხება ჩემს მიერ გუშინ პრესკონფერენციაზე გამოთქმულ მოსაზრებებს პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით, ეს არ არის არც ჩემი და არც კოალიციის პოლიტიკური მოთხოვნა. მე ხაზი გავუსვი მხოლოდ იმას, რომ ერთი პირის ინტერესებზე მორგებული საქართველოს კონსტიტუცია შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ქმნის საკმაოდ ბევრ სირთულეს და ამ ვითარებაში შესაძლოა თანამდებობიდან გადადგომა იყოს პრეზიდენტისთვის საუკეთესო გამოსავალი. ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩვენ არ ვაყენებთ არანაირ პოლიტიკურ ულტიმატუმებს და ქვეყნის საკეთილდღეოდ მზად ვართ საქართველოს პრეზიდენტთან და მოქმედი მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან დიალოგისა და სამუშაო ვითარებაში სახელმწიფოებრივი საკითხების მოსაგვარებლად“, - ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.