ბიძინა ივანიშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე მთავრობის დაკომპლექტებასა და კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით საუბარი დღეს არ ყოფილა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბიზნესცენტრში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ დავით საგანელიძემ და ზვიად ძიძიგურმა განუცხადეს.
ძიძიგურის, განცხადებით, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რომ ეს გარდამავალი პერიოდი რთული არ იყოს.
„არსებობს გარკვეული მონახაზები და კონცეფციები, თუმცა ამის გაცხადების პრიორიტეტი ჩვენს მომავალ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს აქვს. რაც გითხარით, მეტის თქმის უფლება არ მაქვს. საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას უმოკლეს ვადებში მიიღებთ", - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.
დავით საგანელიძემ კი განმარტა, რომ დღის წესრიგში დღეს მთავრობის ფორმირებაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები დგას. მისი განმარტებით ეს შეეხება იმ პროცესებს, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს.
"ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩვენი გამარჯვებული კანდიდატები მივატოვოთ. კონკრეტულად ასეთია 11 ოლქი, სადაც ჩვენმა კანდიდატებმა გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა ეს გამარჯვება ჯერ ფურცელზე გადატანილი არ გვაქვს. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი", - აღნიშნა დავით საგანელიძემ.
რაც შეეხება გოგი თოფაძეს, მისი თქმით, დღევანდელ თათბირზე საუბარი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დარღვევებს შეეხო. მისი თქმით, ამის გამო კოალიციას ხაშურში, თეთრიწყაროში და კიდევ რამდენიმე რაიონში მაჟორიტარები დაეჩაგრა.
„შესაბამისად ჯერ ამ საკითხებს უნდა მივხედოთ და შემდეგ დაიწყება საუბარი მთავრობის ფორმირებაზე", - აღნიშნა გოგი თოფაძემ.
ბიზნესცენტრი დატოვეს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და პარტიის წევრმა ალექსი პეტრიაშვილმაც, თუმცა მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.