პარტია „ახალი მემარჯვენეები“ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა. შესაბამისად, პარტიის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ თავის პირობა შეასრულა და აქტიური პოლიტიკიდან წავიდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც 12 წლის განმავლობაში მასთან ერთად, უკეთესი მომავლისთვის იბრძოდა.
გამყრელიძე მიიჩნევს, რომ „მემარჯვენეები“ სამომავლოდ თავის ღირსეულ სიტყვას იტყვიან.
„მე დღეიდან პოლიტიკურ განცხადებებს აღარ გავაკეთებ და ეს იქნება ჩემი ბოლო საჯარო გამოსვლა პოლიტიკურ რანგში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
პარტიის ლიდერები გამყრელიძის ამ გადაწყვეტილებას ღირსეულს უწოდებენ.
როგორც from.ge - სთან საუბარში, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია აცხადებს, პარტიას ტაიმ-აუტი სჭირდება და შესაბამისად, დროებით, ის არანაირ კომენტარს არ გააკეთებს.