„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თბილისის საკრებულოს წევრის, ჯაბა სამუშიას განცხადებით, მისთვის მოულოდნელი იყო ის ფაქტი, რომ საპარლამენტო არჩევნებში ქდმ-მ 5%-იანი ბარიერიც კი ვერ გადალახა.
როგორც სამუშიამ From.ge-სთან საუბარში განაცხადა, ისინი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ და აღნიშნა, რომ დღეიდან პარტია ახალი არჩევნებისა და ახალი გამოწვევებისთვის მოემზადება.
სამუშია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება ლოგიკური იყო, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების წინ მორალურად გაკოტრებული იყო და არანაირი ბერკეტი აღარ ჰქონდა არჩევნებში გასამარჯვებლად.
„ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი მორალური უფლება აღარ ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებაში ყოფილიყო, ამიტომ მე ეჭვი მაქვს, რომ „ნაცმოძრაობა“ მალე ისტორიის კუთვნილება დარჩება“, - განაცხადა სამუშიამ.
სამუშია მიიჩნევს, რომ სააკაშვილის განცხადება „ნაცმოძრაობის“ ოპოზიციაში გადასვლასთან დაკავშირებით არ არის საკმარისი. მისი აზრით, მართალია, სააკაშვილს როგორც პრეზიდენტს კონსტიტუციური უფლება აქვს ამ თანამდებობაზე კიდევ ერთი წელი იყოს, თუმცა აცხადებს, რომ აუცილებელია მისი პოლიტიკიდან საერთოდ წასვლა.
სამუშიას თქმით, ის რაც დაემართა „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არის არამარტო იმ კოორდინატორების და ადგილობრივი ლიდერების ბრალი, არამედ ეს არის თვითონ სააკაშვილისა და მაშინ არსებული რეჟიმის პრობლემა.
„ამ პარტიისთვის სწორედ სააკაშვილია პრობლემა. საზოგადოებისთვის მიუღებელი სწორედ პრეზიდენტია. არ გამოირიცხება სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებამდე რაღაც ახალი ფანდებიც კი მოაწყოს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა წავიდეს პოლიტიკიდან“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება ახალ ძალასთან თანამშრომლობას, ქდმ-ს წარმომადგენელი განმარტავს, რომ პარტია აპირებს ნებისმიერ ძალასთან ითანამშრომლოს, რომელიც ქართველ ხალხს პრობლემას მოუხსნის.
მისი განმარტებით, ის თემები რაზეც აქცენტებს „ქართული ოცნება“ სვამდა და რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ არაქტუალურად აღიქვამდა, სწორედ ქდმ-ს მიერ იყო წამოწეული.
„ცოცხის პირველი გამოყენება ამ შემთხვევაში საკრებულოს სხდომაზე მოხდა, როცა ცოცხზე მიბმული მრიცხველი გადავეცი ეხლა უკვე ოპოზიციაში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას“. იმ საკითხების მოგვარებას, რაზეც ჩვენ ვაპელირებდით, თუ მოინდომებს „ქართული ოცნება“ აუცილებლად ვითანამშრომლებთ. იმიტომ რომ ჩემი სურვილია, ის უკანონობები რაც ხდებოდა აღმოიფხვრას. „ნაცმოძრაობასაც“მოვუწოდებთ მიიღონ ადექვატური გადაწყვეტილებები“, - განაცხადა სამუშიამ.