საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობით პარლამენტში კოალიცია „ქართული ოცნება“ მოდის. მოქმედი კონსტიტუციით, ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე ქვეყანაში ცენტრალურ ფიგურად ისევ რჩება პრეზიდენტი, რამდენად შეძლებს კოალიცია ახალი მთავრობის დაკომპლექტებას და დაუჭერს თუ არა მას მხარს ოპოზიციაში გადასული პრეზიდენტი? From.ge კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
ძაბირაძის განმარტებით, დღეს ქართულ პოლიტიკაში შექმნილი მდგომარეობით, ამოსავალი წერტილი არა მოქმედი კანონმდებლობა, არამედ არაფორმალური ურთიერთობებია. რადგან ხელისუფლებამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღიარა,რომ არჩევნები წააგო, ფორმალურად გაფორმდება ისე, როგორც არის კონსტიტუციით განსაზღვრული, მაგრამ რეალურად ეს ურთიერთშეთანხმებით მოხდება.
ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ გუნდს კი პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს, ანუ კონსტიტუცია არ დაირღვევა. „წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა დაიწყოს სახელისუფლო კრიზისი პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის და ეს სასიკეთოდ არც ქვეყანას და არც სააკაშვილის თამადობით წაგებულ გუნდს არ მოუტანს“,-აცხადებს კონსტიტუციონალისტი. თუ კონსტიტუციას გავყვებით, პრეზიდენტს შეუძლია არ დაეთანხმოს ივანიშვილის მიერ წარდგენილ გუნდს და დაიწყება პოლიტიკური კრიზისი.
კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტმა ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ უნდა წარადგინოს ახალი გუნდი. ივანიშვილი სააკაშვილს ჯერ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, შემდეგ კი უკვე მთავრობის შემადგენლობას წარუდგენს. ამის შემდეგ პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს ახალ შემადგენლობას, რომელიც უმრავლესობამ ,ამ შემთხვევაში, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაამტკიცოს.
„თუ პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს და წარადგენს თავის მიერ შემუშავებული მთავრობის სიას, მაშინ უმრავლესობა ამას არ დაამტკიცებს. ეს შეიძლება რამდენჯერმე განმეორდეს. ამის შემდეგ სააკაშვილი თვითონ ნიშნავს პარლამენტის გარეშე მთავრობას, უშვებს პარლამენტს სახლში და ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტს ამის უფლება აქვს.
რაც შეეხება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, პარლამენტის დათხოვნიდან 45-დან 60 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. ეს რომ გააკეთოს სააკაშვილმა, რომელიც ახლა უმცირესობითაა შესული პარლამენტში, შემდეგ საერთოდ ვერცერთ მანდატს ვარ მიღებს „ნაციოანლური მოძრაობა“ პარლამენტში. ეს იმდენად სისულელეა, რომ აზრი არ აქვს. იმედია, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს, თუმცა, ვიმეორებ, კონსტიტუციურად ამის უფლება აქვს. სხვათაშორის, ეს საკითხი, ვფიქრობ ძალიან პრობლემატური არ არის, ბევრ ქვეყანაში ხდება ხოლმე მსგავსი შეთანხმება პოლიტიკურ ძალებს შორის“,-აცხადებს ძაბირაძე.