„ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილი „ქართული ოცნებას“ საოლქო კომისიის წევრებზე განხორციელებულ ზეწოლებში ადანაშაულებს.
ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" აქტივისტები რამდენიმე საოლქო კომისიის მუშაობას საფრთხეს უქმნიან. მისი განმარტებით, ეს პროცესი განსაკუთრებით იმ ოლქებში ხდება, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს.
„პრობლემაა თეთრიწყაროს ოლქში, სადაც კომისიის სხდომის ჩატარებას ხელს უშლის პირადად "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი 500-მდე აქტივისტთან ერთად. პრობლემებია მარტვილშიც, სადაც საოლქო კომისიაზე ზეწოლას ცდილობს 200 აქტივისტი. რაც შეეხება ამბროლაურს, აქ საოლქო კომისიაში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შვილი კომისიის წევრებთან აგრესიულად იქცევა“, - განაცხადა თაქთაქიშვილმა და დასძინა, რომ მსგავსი პრობლემებია სიღნაღშიც.
როგორც ჩიორა თაქთაქიშვილმა აღნიშნა, ეს უხეში ჩარევაა ცესკო-ს საქმიანობაში და ისჯება კანონით, ამიტომ ის მოუწოდებს ყველას, შეწყვიტონ ზეწოლა საოლქო კომისიის წარმომადგენლებზე.