ჰილარი კლინტონი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ისტორიულს უწოდებს

ჰილარი კლინტონი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ისტორიულს უწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატები  საქართველოს მოქალაქეებს 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მშვიდობიან და აქტიურ მონაწილეობას ულოცავს. ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანის  ჰილარი კლინტონის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც  შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნდა. 

აშშ-ის დეპარტამენტი ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ისტორიულს უწოდებს.  

„ეს ისტორიული დღეა ყველა ქართველისათვის და საქართველოს დემოკრატიული მომავლისათვის. მხარს ვუჭერთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციის საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიას და მის შეფასებას იმის თაობაზე, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფლად დააფიქსირა საკუთარი ნება საარჩევნო ყუთებთან. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხმების საბოლოო დათვლა და საჩივრების განხილვა აწარმოოს გამჭვირვალედ და კანონის შესაბამისად“, - აცხადებს ჰილარი კლინტონი.

როგორც კლინტონმა აღნიშნა,  ახლა, როცა ქართველმა ხალხმა უკვე თქვა თავისი სათქმელი, შეერთებული შტატები ყველა პარტიას ახალ პარლამენტში კონსტრუქციული თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საკეთილდღეოდ.

„ჩვენ მოუთმენლად ველით ახალ პარლამენტთან და, აგრეთვე, ახალ კაბინეტთან და საქართველოს პრეზიდენტთან თანამშრომლობას ჩვენი ძლიერი ურთიერთობების კიდევ უფრო გასამყარებლად და საქართველოს ხალხისათვის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად“, - აცხადებს ჰილარი კლინტონი.