კოალიცია „ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ალასანიას განცხადებით, სამეგრელოში 10 000-ზე მეტი გაყალბებული ბიულეტენია და 111 უბნიდან 40-ში ოქმში აღრიცხული ბიულეტენების რაოდენობა მოსული ამომრჩევლის რაოდენობას არ ემთხვევა, რაც მისი შეფასებით, ნიშნავს, რომ ე.წ. "სომხური კარუსელი“ დატრიალდა.
ამის შესახებ ალასანიამ ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში გადაცემა „პოლიტმეტრში" განაცხადა. მისი თქმით, ერთადერთი, ვისაც როლანდ ახალაიას შეუძლია მადლობა გადაუხადოს, არის კუდ-ი, სოდ-ი, საკუთარი ვაჟიშვილები, გამყალბებლები და მეგის ქარდავა , რომელიც მართავდა იმ ზონდერ ჯგუფებს, რომლებიც დილიდან ღამემდე მოსახლეობას აშინებდნენ.
ალასანია აცხადებს, რომ არსებობს ვიდეომასალა, სადაც ტოტალური გაყალბება არის დაფიქსირებული.
„დაფიქსირებული გაყალბებები სამართლებრივად გაფორმდება, რაც იქნება საფუძველი იმისა, რომ ზუგდიდში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. ე.წ. სომხური კარუსელითა და ძალოვნების თავგასულობით შედგა არჩევნები სამეგრელოში . მე დავპირდი ამომრჩეველს, რომ არც ერთ ხმას როლანდ ახალაიასა და მის ბანდას არ მოვაპარინებდი და მე ამ დაპირებას შევასრულებ! ჩვენ დავპირდით "ნაციონალურ მოძრაობას", რომ გადავიყვანდით უმცირესობაში და ახლა "ნაციონალური მოძრაობა" უმცირესობაშია",-განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, პოლიტიკური ცვლილებები საჯარო მოხელეებს, გარდა მინისტრებისა და მათი მოადგილეებისა, არ შეეხებათ და ისინი დეპოლიტიზებულები იქნებიან.
ალასანიას განცხადებითვე, მიხეილ სააკაშვილმა გაძარცვა თბილისი პოლიტიკური ფუნქციებისგან, ისევე როგორც ზუგდიდი გაძარცვა სამეგრელოს ცენტრის ფუნქიებისგან, როდესაც სამეგრელოს გვირგვინად ლაზიკა გამოაცხადა.
„თუმცა „ქართული ოცნება" მზად არის იმუშაოს მიხეილ სააკაშვილთან, ვიდრე იგი არ დაასრულებს საპრეზიდენტო ვადას“, - აღნიშნა მან.
ამასთან, ალასანია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანება არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს ომის ვითარება რუსეთთან.