"მინდა შევახსენო გამარჯვებულ ძალას, ბატონ ივანიშვილს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს ტარდება და იმედი მაქვს, ეს არჩევნებიც ჩატარდება ისევე დემოკრატიულად, როგორც განვლილი საპარლამენტო არჩევნები“,-ეს განცხადება უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ღია ეთერში გააკეთა.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ოპოზიციური ძალა განაგრძობს დემოკრატიის ღირებულებების დაცვას, რომელსაც გასული წლების განმავლობაში ემსახურებოდა.
უშიშროების საბჭოს მდივანმა „ქართული ოცნების“ ლიდერის დღევანდელი განცხადებები გააკრიტიკა, რომელიც მისი შეფასებით შესაძლოა გამარჯვების ეიფორიის ბრალიც იყოს.
კერძოდ, ბოკერიამ აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რას გულისხმობდა ივანიშვილი, როდესაც პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობდა.
ბოკერიას განცხადებით, იმის მიუხედავად, კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას მოსწონს თუ არა საქართველოს კონსტიტუცია, მას პატივი უნდა სცეს ვინაიდან სწორედ ამ კონსტიტუციის ფარგლებშიგამართულ არჩევნებში გაიმარჯვა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია როგორც ამომრჩევლის უმრავლესობის გადაწყვეტილების პატივისცემა, ასევე იმ პროცედურების პატივისცემა, რომლებიც ახალი მთავრობის და პარლამენტის ჩამოყალიბებას აქვს.
ამასთან როგორც ბოკერიამ განაცხადა, დღევანდელი კონსტიტუცია პრეზიდენტს აძლევს უფლებას, რომ საერთოდ არ დაამტკიცოს პარლამენტში უმრავლესობით შესული ახალი პოლიტიკური ძალის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტი, თუმცა ის პატივს სცემს ამომრჩეველთა უმრავლესობის აზრს და პროცესის გაწელვას არ აპირებს.
„ჯერ ახალი კონსტიტუცია ძალაში შესული არ არის, სადაც მთავრობის დაკომპლექტების საკითხს მთლიანად პარლამენტი წყვეტს და პრეზიდენტის როლი მხოლოდ ფორმალურია. თუმცა ამომრჩევლის შეურაცხყოფა იქნებოდა რომ არსებული კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტს პროცესის გაწელვა დაეწყო. რეალურად ამის შესაძლებლობა არსებობს. პრეზიდენტს შეეძლო წარედგინა სხვა მთავრობა, რომელსაც მხარს არ დაუჭერდა პარლამენტი, შემდეგ 6 თვე ვერ ინიშნება არჩევნები და იქნებოდა ვითარება, რომ დღევანდელი მთავრობა მოვალეობის შემსრულებელად დარჩებოდა თუმცა ეს ასე არ ხდება", - აცხადებს გიგა ბოკერია.