ამერიკის შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულებას და დემოკრატიული განვითარების გზაზე წინგადადგმულ ნაბიჯს. საქართველოს მოქალაქეებმა რეგიონალური და გლობალური მასშტაბის მაგალითი დასახეს კონკურენტული საარჩევნო კამპანიის ჩატარებით, თავისუფლად დაიცვეს რა საკუთარი დემოკრატიული უფლებები და დაამტკიცეს ერთგულება ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის უზრუნველსაყოფად. ადგილობრივი და საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლების, მათ შორის ეუთოსა და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მისიის წარმომადგენლების დაკვირვებით ჩატარდა გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი. მაშინაც კი როცა მიმდინარეობს შედეგების დათვლა და საჩივრების განხილვა ხდება, ჩატარებული არჩევნებით გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციის პროცესში.
მომდევნო დღეებისა და თვეების განმავლობაში გასაკეთებელი კვლავ ბევრია. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ კოალიციის ლიდერებმა, ისევე როგორც საქართველოს ახალმა პარლამენტმა ერთად უნდა იმუშაონ ეროვნული ერთობის სულისკვეთებით, რათა მოხდეს სამომავლო პროგრესის უზრუნველყოფა დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე, რაც ქართველ ხალხსა და მთელს რეგიონს წაადგება.
ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დგას და მიესალმება ისტორიული მნიშვნელობის არჩევნებს. პრეზიდენტი ობამა და მისი ადმინისტრაცია მოუთმენლად ელის საქართველოსთან ახლო თანამშრომლობისა და ძლიერი ორმხრივი პარტნიორობის განვითარებას.