როლანდ ახალაიას აზრით ალასანია თუ დამარცხებას ვერ აღიარებს, ეს მისი პრობლემაა

როლანდ ახალაიას აზრით ალასანია თუ დამარცხებას ვერ აღიარებს, ეს მისი პრობლემაა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში, როლანდ ახალაია ვიდეომიმართვას ავრცელებს. მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუქსი გავრცელდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი საოლქო პროკურორი ამბობს, რომ ირაკლი ალასანია არჩევნებში დამარცხებას თუ ვერ აღიარებს, ეს მისი პრობლემაა.

„მე ვნახე ტელეეთერით ალასანიას ბრიფინგი, სადაც ის აცხადებს, რომ ჩვენ თითქოსდა ჩავიდინეთ სიყალბე და გავაყალბეთ არჩევნები. სინამდვილეში ამის მცდელობა მათ თავად ჰქონდათ და ამის ფაქტიც არსებობს. დაკავებული იქნა პიროვნება, რომელიც 2 პასპორტს ატარებდა და ცდილობდა ხმა მიეცა „ქართული ოცნებისთვის“.

თუ პრეტენზია მას გააჩნია გვიჩივლოს სასამართლოში და ჩვენ წავრსდგებით სასამართლოს წინაშე და არანაირი პრობლემა ჩვენ არ გვექნება, რადგან ჩვენ მოვიგეთ სუფთად ეს არჩევნები.

ჩვენი, პირადად ჩემი მოთხოვნა იყო, რომ არჩევნები ყოფილიყო სუფთა, გამჭვირვალე და ეს იცის ზუგდიდის მოსახლეობამ, ვინც მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. აქ რომ ყოფილიყო რაიმე საეჭვო, ეს მაინც გავრცელდებოდა და მთავარი ისაა, რომ მოსახლეობამ თავად იცის. მთავარი ისაა, რომ ალასანიამ წააგო და, თუ ვერ აღიარებს წაგებას, ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი“, - აღნიშნავს ახალაია ვიდეომიმართვაში.

ის მადლობას უხდის საკუთარ ამომრჩეველს და აცხადებს, რომ მიუხედავად მათი დაშინების მცდელობისა, მათ თავინათი ღირსება არ დათმეს.