გია ნოდია:  დამარცხებული გუნდის ლიდერის მიერ დამარცხების აღიარება  საქართველოსთვის  უჩვეულოა

გია ნოდია: დამარცხებული გუნდის ლიდერის მიერ დამარცხების აღიარება საქართველოსთვის უჩვეულოა

პოლიტოლოგ გია ნოდიას შეფასებით, როდესაც პრეზიდენტი, დამარცხებული გუნდის ლიდერი აღიარებს დამარცხებას და აცხადებს, რომ ოპოზიციაში გადადის, დემოკრატიული პრაქტიკისთვის სრულიად ნორმალური და ჩვეულებრივი ნაბიჯია, თუმცა საქართველოსთვის სრულიად უჩვეულო.

„პრეზიდენტის შემთხვევაში, კიდევ მნიშვნელოვანია იმის თქმა,  რომ ის საპარლამენტო უმრავლესობის მიერ,  მთავრობის შექმნას ხელს  არ შეუშლის, რაც ნიშნავს, რომ რაღაც პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისი არ გვექნება.  იმიტომ რომ დღეს,  მოქმედი კონსტიტუციით მას  აქვს ბერკეტები,  აღმასრულებელ ხელისუფლებას პრობლემები შეუქმნას“, - განაცხადა ნოდიამ.

რაც შეეხება, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთადერთ სწორ სვლად,  ამჟამად, გადადგომაზე განცხადების დაწერასა და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას  მიიჩნევს, ნოდიას შეფასებით,  ასეთი მიდგომა არასწორია.

„ჩემი აზრით, ივანიშვილის განცხადება არის სრულიად არაადეკვატური და დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება, თუ ბატონ ივანიშვილს დემოკრატიულობაზე აქვს პრეტენზია, დემოკრატიულ სისტემაში ჩვეულებრივი ამბავია, რომ პრეზიდენტი და პარლამენტი სხვადასხვა პარტიიდან იყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენენ, თანამშრომლობა უნდა შეძლონ“, - განაცხადა ნოდიამ.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ არჩევნებში გადამწყვეტი ფაქტორი ფული იყო და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის გამარჯვება ფულმა განაპირობა.

„ოპოზიციას რაღაც საერთო იდეა, საერთო ხედვა არ ჰქონდა. ცხადია,  მხოლოდ ფული არაფერი არ არის, ცხადია, ხელისუფლების უკმაყოფილო უამრავი ადამიანი იყო,  მაგრამ ამ ადამიანების მობილიზაცია  ძალიან ბევრი ფულის გარეშე შეუძლებელი იყო“, - განაცხადა ნოდიამ.