"კოალიციის საარჩევნო სიის პირველი ნომერი კახა კალაძე ახალი პარლამენტის თავმჯდომარე არ იქნება“, - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, ამ ეტაპზე რთულია თქმა, თუ ვინ იქნება წარდგენილი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის პოსტზე, ვინაიდან შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თუმცა აღნიშნა, რომ ახალი მთავრობის დაკომპლექტებაზე ფიქრს ხვალიდან დაიწყებს.
„საქართველოში პრემიერ-მინისტრის თანამდებობა სააკაშვილმა გახადა საპენსიო, თორემ ევროპის ქვეყნებში ასე არ არის. საპენსიო მე დავარქვი, რადგან თუ ვინმეს მოხსნიან, იმის გამო რომ არ გაანაწყენონ, ამ ადგილზე გადაჰყავთ" -აღნიშნა ივანიშვილმა.
ამასთან, ივანიშვილი აცხადებს, რომ ის თანახმაა, პარლამენტის სხდომები დროებით ქუთაისში ჩატარდეს, რადგან ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს.
„სააკაშვილს იმდენად აკვიატებულ იდეად ჰქონდა პარლამენტის ქუთაისში გადატანა, რომ რუსთაველის გამზირზე მდებარე საკანონმდებლო ორგანოს ძველი შენობა შიგნიდან დააზიანა, რათა იქ სხდომების ჩატარება შეუძლებელი იყოს. ის სულ გარბის თბილისიდან, რადგან დედაქალაქის მოსახლეობამ მალევე შეიცნო. მგონია, პარლამენტის ქუთაისში გადატანის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა“- აღნიშნა ივანიშვილმა.