IRI: 1-ელ ოქტომბერს ქართველმა ამომრჩეველმა მონაწილეობა  ყველაზე კონკურენტულ არჩევნებში მიიღო

IRI: 1-ელ ოქტომბერს ქართველმა ამომრჩეველმა მონაწილეობა ყველაზე კონკურენტულ არჩევნებში მიიღო

IRI-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა,  კონგრესმენმა დევიდ დრეიერმა  საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები დღეს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შეაფასა.

დევიდ დრეიერის განცხადებით, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ქართველმა ამომრჩეველმა მონაწილეობა  ყველაზე კონკურენტულ და სანდო საპარლამენტო არჩევნებში მიიღო.

დრეიერის ინფორმაციით, IRI-ს სადამკვირვებლოს მისია იმედოვნებს, რომ პარტიები, კოალიციები და სხვა დაინტერსებული მხარეები აღიარებენ და პატივისცემით მოეკიდებიან არჩევნების შედეგებს.

მისი თქმით, არჩევნების დღესთან დაკავშირებით ბევრი დადებითი ასპექტი გამოიკვეთა.

„იმ ენთუზიაზმმა და საყოველთაო ჩართულობამ,  რაც ქართველმა ამომრჩეველმა გამოავლინა, არჩევნების ხარისხი მკვეთრად გააუმჯობესა. იმედი გვაქვს, რომ ოფიციალური მონაცემებით გამოქვეყნებისთანავე ორივე წამყვანი პოლიტიკური ძალა დაპირებისამებრ აღიარებს არჩევნების შედეგებს. ამჯერად დროა, მეტი ყურადღება დავუთმოთ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც ქართველი ხალხის წინაშე დგას“, - განაცხადა დევიდ დრეიერმა, რომელიც სადამკვირვებლო მისიებს მსოფლიოს სხვადასსვა ქვეყნებში ხელმძღვანელობს.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დელეგაციის მეორე ხელმძღვანელის,  კონგრესმენი ქეი გრეინჯერის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები  თავიანთ მოვალეობებს მაღალი პროფესიონალიზმით ეკიდებოდნენ.

„საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები მაღალი პროფესიონალიზმით ეკიდებოდნენ თავიანთ მოვალეობებს ყველა უბანში. მათი გულისხმიერება და საქმისადმი მიდგომა დადებით მახასიათებლად შეიძლება ჩაითვალოს მომავალი არჩევნებისთვის“, - განაცხადა ქეი გრეინჯერმა.

როგორც პრესკონფერენციაზე კონგრესმენებმა აღნიშნეს,  წინასაარჩევნო პერიოდში მთავრობის მიერ ამომრჩეველთა სიის ფორმირებისთვის გაწეულმა ძალისხმევამ დადებითი შედეგი აჩვენა არჩევნების დღეს.

უწყებათაშორისმა კომისიამ და მისმა რეკომენდაციებმა,  რომელიც პასუხობდა ოპოზიციის მიერ ხაზგასმულ საკითხებს,  შეამცირა დაძაბულობა, როგორც უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს.

ქართულ მედიაში „მასთ ქერის“ დანერგვამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამომრჩეველთა ინფორმირების პროცესში და სასურველია, რომ მსგავსი მიდგომები მომავალშიც გაგრძელდეს.

როგორც კონგრესმენებმა აღნიშნეს, წინასაარჩევნო პერიოდში კვლავ დღის წესრიგში იდგა საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა არათანაბარი რაოდენობის საკითხი. ამ პრობლემებზე დამკვირებელმა ორგანიზაციებმა საკმაოდ დიდი ხნის წინ გაამახვილეს ყურადღება და აუცილებელია შემდეგი არჩევნებისთვის ამ საკითხის დარეგულირება.

„რომ კონტროლის პალატას და მის მემკვიდრეს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ჰქონდა ძალიან დაბალი ნდობა საზოგადოებაში. აუცილებელია, უფრო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ღია სისტემის შექმნა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელიც გამორიცხავს ცალკეული ორგანოების მიერ თამაშის წესების განსაზღვრასა და მხარეების დაჯარიმებას არჩევნების პერიოდში“,  - აცხადებენ სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელები.

მათი თქმით, არჩევნების დღის უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის საჭირო ხარჯვის პროცესი.

აღნიშნულმა საკითხმა გადაფარა ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანი ისეთი თემები, როგორიცაა სამუშაო ადგილები, ჯანდაცვა და სხვა.

„საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის დახარჯული თანხის უპრეცედენტო ოდენობამ უარყოფითი ზეგავლენა იქონია არჩევნების დღეზე. ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხელისუფლების ან ოპოზიციის მიერ ლობირებისთვის თანხის ხარჯვა თანამედროვე მსოფლიოში მიღებულ პრაქტიკად ითვლება, თუმცა ნაღდი ფულით (რომლის წარმომავლობა უცნობია), გამოიყენება ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ჯგუფების, ეგზიტპოლებისა და ხმების პარალელური დათვლის დასაფინანსებლად ჩრდილს აყენებს საარჩევნო პროცესს და ხელს უწყობს უკვე არსებული პოლარიზებული გარემოს კიდევ უფრო გაღრმავებას“, - აცხადებენ დამკვირვებლები.

მათი თქმით, ასეთმა ძალისხმევამ გაზარდა საჩივრების რაოდენობა არჩევნების დღეს. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ყურადღება გაამახვილა ოპოზიციის საჩივრების გრძელ სიაზე. ამასთანავე ორგანიზაციის დამკვირვებლები მთელი დღის განმავლობაში ამოწმებდნენ იმ საარჩევნო უბნებს, რომელთა დაკავშირებითაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აწვდიდნენ მათ ინფორმაციას.

„საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუმა გააანალიზა ოპოზიციის საჩივრები, როგორც ტიპის, ასევე გეოგრაფიული არეალის მიხედვით, რათა დაედგინა, ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე სისტემური ხასიათის დარღვევას,  რომელიც გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე. სისტემური ხასიათის საჩივრებს ადგილი არ ჰქონდა,  მათი უმეტესობა ეხებოდა ცალკეულ დარღვევებს, რომელიც სამწუხაროდ არჩევნების დროს მსოფლიოს ყველა კუთხეში გვხდება. გამონაკლისს წარმოადგენდა ბრალდებები, თითქოს კოალიციის მიერ ხდებოდა სატელეფონო ზარებით საარჩევნო მოხელეების სისტემატიური დაშინება, რომ მათ ბრალად დაედებოდათ ქრთამის აღება. აღსანიშნავია, რომ ამ ზარების განმხორციელებლთა ვინაობა უცნობია, ვინაიდან გადამოწმების შემდეგ ცხადი ხდებოდა, რომ აღნიშნული ნომრები პოლიციას არ ეკუთვნოდა. მიუხედავად ამისა, შემთხვევის სისტემურობა მოითხოვს აღნიშნული ფაქტების გამოძიებას“, - აცხადებენ დამკვირვებლები.

IRI-ს ინფორმაციით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დელეგატები, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ კანადიდან,  ჩეხეთიდან, იორდანიიდან, ლიტვიდან, მოლდოვიდან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, შვედეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან დააკვირდნენ არჩევნების მიმდინარეობას და ხმების დათვლის პროცესს ქვეყნის 150-ზე მეტ საარჩევნო უბანში.

დელეგატებმა არჩვენების დღის მონიტორნგი განახორციელეს აჭარაში, იმერეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ კონგრესმენები აშშ-დან დევიდ დრაიერი და ქეი გრეინჯერი, რომლებიც ასევე არიან საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრები. სხვა დელეგატების გარდა მისიაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თანამშრომლები, რომლებიც დახმარებას უწევდნენ დანარჩენ დელეგატებს. ორგანიზაციის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდნენ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი ლორნ კრანერი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის რეგიონალური დირექტორი სტეფან მიქსი.

არჩევნებამდე დელეგატებმა ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე ინფორმაცია მიიღეს აშშ საელჩოს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებისგან. ისინი ასევე გაეცნენ საერთაშორისო დამკვირვებლების უფლებებსა და მოვალეობებს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს საარჩევნო კოდექსით.

1983 წლიდან საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს განხორციელებული აქვს 150-ზე მეტი არჩევნების მონიტორინგი მსოფლიოს 46-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის 2003 წლის საპარლამენტო და 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგი საქართველოში.