კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქალაქ ლაზიკას აშენების საჭიროებას არასერიოზულად მიიჩნევს.
მისი თქმით, ლაზიკას მშენებლობა მიხეილ სააკაშვილის ტრიუკების ტიპური მაგალითია, რომლის ასაშენებლად არ არსებობს სახსრები და არც ადგილია გაზომილი, ამიტომ ბიძინა ივანიშვილის აზრით, გაუგებარია რატომ უნდა აშენდეს ქალაქი ჭაობზე.
„სირცხვილია, რომ საქართველოს მოსახლეობა ასეთი მდარე ჭკუის გონია და ასეთ შეურაცხყოფას აყენებდა, მეგრელების სათაყვანებელი სიტყვა "ლაზიკა" სააკაშვილმა სასაცილო გახადა და ეს ყველაზე დიდი ანეკდოტია, რომელსაც ეს კაცი ყვება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, იმ ფაქტზე, რომ ლაზიკას მშენებლობის გეგმა არასერიოზულია ტანკი "ლაზიკა" და ჯავშანტრანსპორტიორი "ლაზიკაც" მეტყველებს.
„სააკაშვილმა ისაც განცხადა, რომ ტანკ "ლაზიკას" პროექტი რუსებმა მოპარეს და აშენებდნენ. ასეთი ანეკდოტურია ეს კაცი. როგორც წარმოგიდგენიათ ტანკ ”ლაზიკას” მშენებლობა, ქალაქს, რომ თავი დავანებოთ? კილომეტრებზე უნდა იყოს გადაჭიმული მანქანათმშენებლობის ქარხანა, რომ ტანკის წარმოება შეძლო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის ჩანასახიც არ გვაქვს", - აცხადებს ივანიშვილი.