პოლონეთის სეიმის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მალგოჟატა გოშიევსკის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა.
ამასთან დაკავშირებით, პოლონეთის მისიამ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ პრესკონფერენცია გამართა.
მისი განმარტებით, სადამკვირვებლო მისიამ რუსეთის მხრიდან ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობა შენიშნა, რადგან დააფიქსირა ე.წ. საზღვრიდან 1700 მეტრზე რუსეთის ვერტმფრენის დაშვების ფაქტი, თუმცა მისი განმარტებით, ამის მიუხედავად არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა.
„ჩვენი მისიის შეფასებით, არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობდა. არ შეგვიმჩნევია არც ერთი ინციდენტი, რასაც არჩევნების მიმდინარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეეძლო. არჩევნები საკმაოდ გამჭვირვალედ წარიმართა. ყველა უბანზე იყვნენ მრავალრიცხოვანი დამკვირვებლები და მედიაც პროცესის გაშუქებაში აქტიურად იყო ჩართული. ჩვენ სიხარულით აღვნიშნავთ ამ წინ გადადგმულ ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიისთვის“, - განაცხადა მალგოჟატა გოშიევსკამ.
მისივე განმარტებით, პოლონეთ-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე არჩევნების შემდგომ განვითარებულ პროცესებზე დაკვირვებას განაგრძობს.
როგორც მალგოჟატა გოშიევსკამ აღნიშნა, პოლონეთის სეიმის სადამკვირვებლო მისიის 15 წევრი საქართველოს საარჩევნო გარემოზე მონიტორინგს 23 სექტემბრიდან ახორციელებდა.