პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას აცხადებს, რომ მისმა გუნდმა ძალიან კარგად იმუშავა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხელისუფლებას, პირადად სააკაშვილს სხვა გზა არ დაუტოვეს.
მისი თქმით, ევროპული ქვეყნების, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების და აშშ-ის პრინციპულმა პოზიციამ და ჩვენმა სწორმა ქმედებამ ერთდროულად მოახერხა ის, რომ სააკაშვილმა შეძლო დღეს ასეთი განცხადების გაეკეთებინა, რაც ჩვენს ისტორიაში უპრეცედენტოა.
მისივე თქმით, საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლება მსგავსი დემოკრატიული არჩევნების გზით პირველად მოხდა.
„მე გუშინ გავაკეთე მინიშნება და მოვუწოდე, რომ მას კიდევ დარჩა შანსი, ნაწილობრივ მაინც შეენარჩუნებინა საკუთარი სახე, შეიძლება, ტრაბახად გამომივიდეს, მაგრამ მაინც ვიტყვი, როგორც ვხედავ, ჩვენ ისე კარგად ვიმუშავეთ, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ხელისუფლებას, პირადად სააკაშვილს სხვა გზა არ დავუტოვეთ გარდა მსგავსი განცხადებისა. ამითაც მე მას გარკვეულწილად ბოლო დახმარება გავუწიე და აღმოვუჩინე.
ევროპული ქვეყნების, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების და აშშ-ის პრინციპულმა პოზიციამ და ჩვენმა სწორმა ქმედებამ ერთდროულად მოახერხა ის, რომ სააკაშვილმა შეძლო დღეს ასეთი განცხადების გაეკეთებინა, რაც ჩვენს ისტორიაში უპრეცედენტოა. ჩვენ ჭეშმარიტად მოვახერხეთ ის, რომ საქართველოში პირველად მოხდა ხელისუფლების ჩანაცვლება მსგავსი დემოკრატიული არჩევნების გზით“, - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ის პატარა ექსკურსს გააკეთებს, როგორ განვითარდა მოვლენები მისი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ და რას აპირებს უახლოეს მომავალში.
ივანიშვილის განცხადებით, მათ საუკეთესო არჩევანი გააკეთეს, სწორი ქმედებები განახორციელეს და შედეგიც, შემთხვევითი არაა.
„გადამწყვეტი სიტყვა, მნიშვნელობა ჩვენს გამარჯვებაში საქართველოს მოსახლეობას ენიჭება, რომელშიც მე თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი. თუმცა გამოცდა აუცილებელი იყო, გამოცდა ღირსეულად ჩავაბარეთ და საქართველოს მოსახლეობამ გაამართლა ჩვენი იმედები, ხალხმა აჩვენა, რომ ის უკეთეს მომავალს იმსახურებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება კოალიციის მომავალ გეგმებს, ურთიერთობას დღევანდელ ხელისუფლებასთან, რომელიც მომავალ ოპოზიციად მოიაზრება, ივანიშვილი აღნიშნავს, რომ არავითარი პოლიტიკური დევნა არ მოხდება იმ მიზეზით, რომ ხელისუფლებაში იყვნენ და კოალიციასთან განსხვავებული პოზიცია გააჩნდათ.
„პირადად მე და არცერთი ჩვენი კოალიციის წევრი ამას არ გააკეთებს, გარდა იმ შემთხვევებისა, ვისაც აქვს სამართალდარღვევა, სისხლისამართლის დანაშაული. ჩვენ ყველას მივცემთ იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში სამართალი მოიძებნოს“, - განაცხადა ივანიშვილმა.