"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" ხმების პარალელური დათვლის შედეგები წარმოადგინა. როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა მედიაცენტრში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ – 55,9%-ით ლიდერობს.
რაც შეეხება დანარჩენს პარტიებს, პროპორციული წესით საარჩევნო სუბიექტებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს" – 39,5%; "გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" – 1,9%; „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 1,3%.
ეკა გიგაურის განცხადებით, აღნიშნული მეთოდოლოგიით შედეგების განზოგადება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 5%-იანი ცდომილებით შეიძლება.
ამასთან, გიგაურის თქმით, ხაშურის ოლქში მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურა და დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა, სერიოზულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი.
"ხაშურის ოლქის რამდენიმე უბანზე სპეციალური დანიშნულების რაზმები შევიდნენ და შემაჯამებელი ოქმები გადააკეთეს. 46-ე და 19-ე უბანზე სპეცრაზმმა ყველა დამკვირვებელი გამოაძევა და ზოგ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდა. საოლქო კომისიამ სწორედ ეს გადაკეთებული ოქმები ჩაიბარა. ხაშურში მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამაც. ხოლო ხაშურის ოლქის 36-ე უბანზე, მას შემდეგ, რაც საარჩევნო ყუთიდან ბიულეტენები მაგიდაზე დასათვლელად გადმოყარეს, კომისიის წევრმა გივი მჭედლიძემ თავისი ბიულეტენები დააყარა ყუთიდან გადმოყრილ ბიულეტენებს", - განაცხადა ეკა გიგაურმა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" დამკვირვებლებმა ამ დრომდე უკვე 47 საჩივარი დაწერეს და სერიოზული დარღვევების გამო 5 უბნის შედეგების გაუქმება მოითხოვეს.