საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებულ მაჟორიტარ დეპუტატს ზვიად ზვიადაურს ყველაზე მეტი ხმა სწორედ დუისის მაცხოვრებლებმა მისცეს. იმისთვის, რომ არჩევნები არ გაყალბებულიყო და ცისკარიშვილისთვის გამარჯვება არ დაეფიქსირებინათ, დუისელებს ხელში აყვანილი მოხუცები მიჰყავდათ ხმის მისაცემად.
„ლოპოტას ხეობაში მოკლული ასლან მარგოშვილის მშობლები #5 საარჩევნო უბანზე დაახლოებით საღამოს 7 საათისათვის გამოცხადდნენ, მათ ხმის მისაცემად მოიყვანეს ასლანის ღრმად მოხუცებული პაპა-ბებია. საერთოდ, საარჩევნო უბნის დაკეტვამდე 1 საათით ადრე, როდესაც შედეგები ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, დუისელებმა უბანზე ისეთი ადამიანებიც მოიყვანეს, რომლებიც წლების განმავლობაში საწოლიდან არ ამდგარან.
"ბებიაჩემის რეგისტრაცია დავაგვიანეთ და გადასატანი ყუთის სიაში არ მოხვდა, ეხლა ვხვდებით, რომ შეიძლება ერთმა ხმამ გადაწყვიტოს ზვიადაურის ბედი; ამიტომაც, ბებიაჩემი ლოგინიდან ავაყენე და არჩევნებზე მიმყავს," _ გვეუბნება ადგილობრივი ახალგაზრდა და ხელში აყვანილი ბებია საარჩევნო კაბინამდე მიჰყავს“,-წერს გურიანიუსი.
მოსახლეობა ეჭვობდა, რომ მმართველი პარტია ხმებს გააყალბებდა და შედეგების საბოლოო დაფიქსირებამდე მორიგეობდა უბნების გარეთ. #5 საარჩევნო უბანთან შეინიშნებოდა როგორც “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ვაჰაბიტების, ასევე ქისტი ახალგაზრდების აქტივობა, რომლებიც საარჩევნო უბნის გახსნიდან ღამის 12 საათამდე ქუჩაში იდგნენ და მზად იყვნენ ნებისმიერი ინციდენტის აღმოსაფხვრელად. უბანში ბოლო ამომრჩეველი 100 წლის მოხუცი გახლდათ, რომლისთვისაც სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მანქანის გამოძახება გახდა საჭირო.