საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების შემდგომი შედეგების შესახებ წინასწარი განცხადება გააკეთეს.
ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიული არჩევნების კონსოლიდირებულად ჩატარების თვალსაზრისით, მაგრამ მათი თქმით, რამდენიმე საკვანძო საკითხი რჩება.
დამკვირვებლების განცხადებით, არჩევნები კონკურეტულ გარემოში, მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით ჩატარდა, თუმცა წინასაარჩევნო გარემო პოლარიზებული და დაძაბული იყო. დაფიქსირდა ძალადობის რამდენიმე შემთხვევა, წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში მეტი ყურადღება ეთმობოდა ერთის მხრივ, კანდიდატის თანამდებობრივ უპირატესობას და მეორეს მხრივ, პირად ფინანსურ აქტივებს, ვიდრე კონკრეტულ პოლიტიკურ პლატფორმებსა და პროგრამებს.
„მაშინ როდესაც გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება მთლიანობაში დაცული იყო, ადგილი ჰქონდა პარტიის აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ ძალადობასა და დაშინებას, რაც საარჩევნო გარემოზე უარყოფითად აისახებოდა. მსგავსი შემთხვევები უმეტესად ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების დაკავებისა და ჯარიმებით სრულდებოდა. აღნიშნულმა პოლიტიკურ ოპონენტებს შორის უნდობლობის ჩამოყალიბება განაპირობა“, - აცხადებენ დამკვირვებლები.
მათივე განმარტებით, საარჩევნო ადმინისტრაცია მაღალი ნდობით გამოირჩეოდა, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა გამჭვირვალობით.
„ცესკო ხშირად აწყობდა ღია შეხვედრებს დამკვირვებლებთან, პარტიის წარმომადგენლებთან და მედიასთან“, - აღნიშნავენ დამკვირვებლები.