პოლარიზებული ქართული საზოგადოება ჩატარებულ არჩევნებს და მიღებულ პირველად შედეგებს სხვადასხვაგვარად აფასებს, თუმცა ერთ რამეზე თანხმდება-არჩევნები შედგა. ექსპერტი ვასილ ჭყოიძე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აფასებს და From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები იყო საქართველოში.
როგორ შეაფასებთ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს?
-არჩევნებმა, მიუხედავად რაიონებში ცალკეული ინციდენტებისა, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებმაც აღნიშნეს, ნორმალურ ვითარებაში ჩაიარა. ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები, რომელიც კი ჩატარებულა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ისტორიაში.
ამერიკის ელჩისა და სენატორების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის მილოცვა შეიძლება თუ არა ჩაითვალოს, რომ დასავლეთმა, მიუხედავად ხელისუფლების განცხადებებისა, ივანიშვილი გამარჯვებულად აღიარა?
-მიუხედავად იმის, რომ ამერიკის ელჩმა და სენატორებმა ბიძინა ივანიშვილს გამარჯვება მიულოცეს, ვთვლი, რომ საბოლოო შედეგები მაინც ცესკო-მ უნდა დადოს. ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეროგატივა, წინასწარი მონაცემებით ჩანს,რომ პარტიულ სიებში ლიდერობს „ქართული ოცნება“, თუმცა მაჟორიტარებში „ნაციონალები“ ლიდერობენ. სავარაუდოდ, მცირე უპირატესობით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“.
მაგრამ სანამ ცესკო საბოლოო მონაცემებს არ დადებს, ვერცერთი ორგანიზაცია გამარჯვებულად ვერ ჩაითვლება.
ანუ ამერიკის ელჩმა იჩქარა და ისე მიულოცა გამარჯვება ივანიშვილს? წინა საპრეზიდენტო არჩევნებში ბუშმა და მაკკეინმა ისე მიულოცეს სააკაშვილს გამარჯვება, რომ პირველადი შედეგებიც არ ჰქონდა ცესკო-ს დადებული...
-საუბარია, რომ მანამ, სანამ არ მოხდება ეგზიტპოლების და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საბოლოო შედეგების აღიარება, ცივილიზებულ ქვეყნებში, როცა ასეთი სხვაობაა მხარეებს შორის, გასაგებია რომელი მხარე იმარჯვებს.
მათ ჩათვალეს, რომ გამარჯვებულია „ქართული ოცნება“ და მიულოცეს გამარჯვება. ბუნებრივია, მათ „ქართულ ოცნებასთან“ შემდეგ მჭიდრო ურთიერთობა მოუწევთ.